პარტია „ლელოს“ ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია, საქართველოში ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდნენ.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობები მიმოიხილეს.
„დიდი ბრიტანეთის ელჩთან, მარკ კლეიტონთან ის მდგომარეობა განვიხილეთ, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ასევე, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობები მიმოვიხილეთ. რამდენიმე კვირის წინ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის მხრიდან მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო. მან ისაუბრა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს მომავალ არჩევნებს, რომელიც კონკურენტული, დემოკრატიული და თავისუფალი უნდა იყოს. რაც შეეხება გაერთიანებული სამეფოს დახმარებას, ეს დახმარება გაგრძელდება. ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და გაძლიერებას ეხება. ასევე, ბრიტანეთის ელჩს „ლელოს“ გეგმების შესახებ ვესაუბრეთ, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაცია უნდა შესრულდეს. ასევე, გვესმის ის წინააღმდეგობა, რომელიც დღეს ამ რეკომენდაციის შესრულებას თან ახლავს „ქართული ოცნების“ მხრიდან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
პარტია „ლელოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პარტიის ლიდერებმა მარკ კლეიტონთან შეხვედრაზე, საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც ახლა საქართველოს ყველაზე მეტად აქვს.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, მარკ კლეიტონთან გვქონდა. ჩვენ საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე ვისაუბრეთ, ასევე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ახლა საქართველოს ყველაზე მეტად აქვს. მათ შორის, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა უზრუნველყოფილი იქნას. ყველა ის რეფორმა, რომელიც უნდა გატარდეს და სამწუხაროდ, დღეს ეს არ ხდება, რადგანაც ქვეყანას ხელისუფლება არ მართავს, რომელსაც ევროპული ოჯახისკენ სვლა სურს. მათ შორის, შეხვედრაზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს შევეხეთ. მისი მხრიდან გაჟღერდა მნიშვნელოვანი გზავნილები, როგორც დემოკრატიის შეფასების კუთხით, ასევე საქართველოს რუსული ჰიბრიდული საფრთხეებისგან დაცვის კუთხით, რაც ნებისმიერი ქართველი პატრიოტისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩვენ ბრიტანელების ურყევი და მტკიცე მხარდაჭერის მადლობელი ვართ. ჩვენ ყველა ელჩთან ვაგრძელებთ მუშაობას, იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობამდე ნათლად მივიდეს. ეს გზავნილი არის ის, რომ რეფორმები უნდა გატარდეს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხორციელების საშუალება უნდა მიეცეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია. სამწუხაროდ, ამ გზაზე ბლოკის, წინააღმდეგობის სახით „ქართული ოცნება“ გვევლინება“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.