რა ნიშნითაც და ფორმითაც ამ ბიჭის წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობს, ამ რეჟიმის სახეა, - ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესს.
ბოკერიას თქმით, გრიდოროადისის მიმართ შერჩევითი სამართალი მიმდინარეობს.
„ეს განცხადებები, რასაც კობახიძემ სათავე დაუდო და რომელიც გრძელდება, სამარცხვინო და ამაზრზენი მტკიცებულებაა იმის, რომ ამ ადამიანის შერჩევა მოხდა ამ ნიშნით. ჩათვალეს, რომ მისი დემონიზება ადვილი იქნება და ამის გამო ამოიღეს სამიზნედ. იმ რეჟიმისგან, რომელსაც პუტინისტი მოძალადე ორგანიზატორები არ დაუსჯია საერთოდ, ხოლო „პუტინისტ ჯარისკაცებს“, ვინც ძალადობას პირდაპირ ჩადიოდა, არასოდეს მძიმე მუხლებით არ უდგენდნენ [ბრალს] და უბრალოდ აჯარიმებდნენ ხოლმე. ასეთი ხელისუფლებისგან, ბუნებრივია, ეს არის მინიმუმ შერჩევითი სამართალი და უფრო მეტი, კობახიძის სამარცხვინო განცხადებების ფონზე, პოლიტიკური მოტივით შერჩეული პირის დევნა. რა ნიშნითაც და ფორმითაც მიმდინარეობს ამ ბიჭის წინააღმდეგ კამპანია, ამ რეჟიმის სახეა",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, სასამართლო მარტის აქციების დროს დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს მსჯელობს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.