ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება“ საკუთარი პოლიტიკური სხეულით შალვა რამიშვილს ღიად გადაეფარა - როცა ტერმინ „მოძალადეს“ ვიყენებ, ვგულისხმობ სასამართლოს მიერ უკვე დადასტურებულ ფაქტებს

მე არ მაქვს მოლოდინი რომელიმე სახელმწიფო ორგანოსგან, რომ ისინი ამ პროცესში ჩაერთვებიან და სიმართლის გარკვევას უზრუნველყოფენ - „ქართული ოცნება“ საკუთარი პოლიტიკური სხეულით შალვა რამიშვილს ღიად გადაეფარა, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ის გამოეხმაურა თათია სამხარაძის საქმეზე "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტანილ განცხადებას და გამოძიების დაწყების მოთხოვნას.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ დაიკავა მხარე, რადგან შალვა რამიშვილს, საკუთარ პროპაგანდისტულ მანქანას იცავს.

„პოზიცია, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დაიკავეს და დაიკავეს საჯაროდ, სახალხოდ, მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან, არის ღია გზავნილი და მითითება, მათ შორის შს სამინისტროსთვის, რა უნდა გააკეთონ მათ ამ საქმეში, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ დაიკავა მხარე და ეს მხარე არის მოძალადის მხარე, ამ შემთხვევაში. მე არ მაქვს მოლოდინი რომელიმე სახელმწიფო ორგანოსგან, რომ ისინი ამ პროცესში ჩაერთვებიან და სიმართლის გარკვევას უზრუნველყოფენ, რაც არის სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულება. ის მიმართვები, მათ შორის წერილობითი და ოფიციალური მიმართვები უნდა დაფიქსირდეს, ეს მგონია მნიშვნელოვანი. თავის მხრივ უწყება ვალდებულია გააკეთოს განცხადება, იმიტომ, რომ საჯარო ინტერესია ამ საქმის მიმართ და განმარტოს აპირებს თუ გამოძიების დაწყებას. თუ არ იწყებს გამოძიებას, რაზე დაყრდნობით არ იწყებს. კანონმდებლობით მიმართვა აუცილებელი არ უნდა იყოს ასეთ შემთხვევებში, იმიტომ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც საკმარისია, რომ დაიწყოს პროცესი. მე არ გამოვრიცხავ, რომ ფორმალურად ეს ნაბიჯი გადადგან, მაგრამ როგორც არაერთ საქმეში გვინახავს, გამოძიება დაიწყება და შემდეგ მისი შედეგები არავის არასდროს უნახავს-ხოლმე, სადღაც არის თაროზე შემოდებული. ასეთ ფორმალურ ნაბიჯს უფრო ველოდები, ვიდრე შედეგიან, სიმართლის გარკვევაზე ორიენტირებულ პროცესს. შალვა რამიშვილი არის მათი პროპაგანდის მანქანის მთავარი საყრდენი და ისინი იცავენ საკუთარ პროპაგანდისტულ მანქანას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ, ხელისუფლებამ ამ პროცესში დაიკავა მხარე.

„ხელისუფლებამ დაიკავა მხარე, განსხვავებით სხვა გახმაურებული საქმისგან. იგივე ფემიციდის შემთხვევაზე, ჩვენ ვხედავდით ხელისუფლების დუმილს, იგნორს, ახლა ამასაც გასცდნენ, დუმილით კი არ პასუხობენ ამ მძიმე ფაქტებს რაც ხდება, პასუხობენ მოძალადისთვის მხარის დაჭერით. როცა მე ვიყენებ ტერმინ „მოძალადეს“, ვგულისხმობ სასამართლოს მიერ უკვე დადასტურებულ ფაქტებს, იმიტომ, რომ აქ ხელისუფლების მცდელობა, რომ ეს წარმოაჩინოს როგორც უდანაშაულობის პრეზუმფციის შელახვა, უადგილოა სამართლებრივად. არ ველოდები, რომ აქ ხელისუფლებას, სახელმწიფო ინსტიტუციებს ექნებათ ობიექტური პოზიცია. ფაქტობრივად, პრეცედენტი არ არსებობს, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს დამდგარიყვნენ კანონის მხარეს ისეთ საქმეებში, როცა ხელისუფლების ინტერესი იკვეთება და ამ შემთხვევაში, იკვეთება ეს ინტერესი. ისინი ღიად გადაეფარნენ საკუთარი პოლიტიკური, პერსონალური ბიოგრაფიებით და პოლიტიკური სხეულით შალვა რამიშვილს, მის დამცველებად არის გადაქცეული „ოცნების“ არაერთი სპიკერი. ასეთ პირობებში არ ველი, რომ ობიექტურად გამოიძიებენ და რეაგირება იქნება კანონზე დაფუძნებული. ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიების მოთხოვნა არ უნდა იყოს და საზოგადოებამ ეს უნდა გაატაროს. პირიქით, უნდა იყოს მოთხოვნა გამოძიებაზე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში თათია სამხარაძის საქმეზე (სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით (ადევნება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე) გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანა.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის