როდესაც პრეზიდენტი ფერისცვალებაზე საუბრობს, თავად დაუსვას საკუთარ თავს კითხვა - ეს ის სალომე ზურაბიშვილია, რომელიც 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტად ავირჩიეთ, თუ სხვა სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ახლა სულ სხვა განცხადებებს აკეთებს,- ასე შეაფასა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ყოველწლიური მოხსენებისას გაკეთებული განცხადებები.
როგორც ბოჟაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, 2018 წელს „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა, რადგან ის ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“.
მისივე თქმით, დღეს ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილი აღიარა, „რადიკალური ოპოზიციის“ პრეზიდენტად და არა საქართველოს პრეზიდენტად.
„ცოტა გაუგებარი იყო ის გზავნილები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიმართ, არამედ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების მიმართ. როდესაც ფერისცვალებაზე საუბრობს პრეზიდენტი, თავად დაუსვას საკუთარ თავს კითხვა - ეს ის სალომე ზურაბიშვილია, რომელიც 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტად ავირჩიეთ, თუ სხვა სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ახლა სულ სხვა განცხადებებს აკეთებს.
2018 წელს, პირადად მე და „ქართული ოცნების“ ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი დავუჭირეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჯობდა გამხდარიყო სალომე ზურაბიშვილი და არა გრიგოლ ვაშაძე. 2018 წელს, ჩვენ სალომე ზურაბიშვილი არ აგვირჩევია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტად, ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად და დღემდე ის ითვლებოდა საქართველოს პრეზიდენტად, თუმცა დღეს ოპოზიციამ, როგორც იქნა სალომე ზურაბიშვილი აღიარა როგორც პრეზიდენტი, მაგრამ აღიარეს, როგორც რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტად და არა საქართველოს პრეზიდენტად“, - განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე შეფასებით, პრეზიდენტს გზავნილები, შორს იყო ობიექტურობისგან არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“, არამედ ქვეყანასთან მიმართებაში.
„თავად ახსენა ასოცირების ხელშეკრულება და მასზე ხელმომწერი ირაკლი ღარიბაშვილი იჯდა პარლამენტში და მას დაუწუნა ევროპული არჩევანი, ისაუბრა უვიზო რეჟიმზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, საკუთარ არჩევნებზეც და მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენ ფერი გვიცლია თუ კურსი შეგვიცვლია, ოღონდ ეს რაში გამოიხატება, ვერ თქვა.
სალომე ზურაბიშვილი ავირჩიეთ, იმიტომ, რომ ისტორიული სამართლიანობა აღმდგარიყო და პირველი რესპუბლიკის დევნილი მთავრობის შთამომავალი გამხდარიყო ხელახლა დამოუკიდებლობა აღდგენილი საქართველოს პრეზიდენტი და არა „კაგებეშნიკი“ გრიგოლ ვაშაძე. ჩვენ სალომე ზურაბიშვილს მხარი დავუჭირეთ, იმიტომ, რომ ის ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“. ახლა აღმოჩნდა, რომ ზურაბიშვილი არავის პრეზიდენტია, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“,- განაცხადა ბოჟაძემ.
ამასთან, მან ახსნა თუ რა იქნება წითელი ხაზი, რასაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადაკვეთს. ბოჟაძის თქმით, წითელი ხაზი იქნება, თუკი პრეზიდენტი 18 აპრილს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისეთი „ობიექტური იქნება“, როგორც იყო დღეს საქართველოს პარლამენტში.
„თუ სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტში ისეთი ნარატივი ექნება, რომ ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუს ღირსები არ ვართ, რომ ჩვენ ევროკავშირის კურს გადავუხვიეთ და ა.შ. ეს იქნება უკადრებელი. ის ტყუილები და ცილისწამება, რაც მან საქართველოს პარლამენტში იკადრა, ამას თუ ევროპარლამენტში იკადრებს, ეს მისი არჩევანი იქნება“,- განაცხადა ბოჟაძემ.