არ ვიცი ოპოზიციის წაქეზებით თუ მათ გარეშე, მაგრამ ფაქტია, რომ 7-8 მარტის აქციების მონაწილე ადამიანებმა სრულიად არაბუნებრივი ნაბიჯები გადადგეს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც აქციებზე „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდნენ, ოპოზიცია საზოგადოებას სხვაგვარი ინტერპრეტაციით სთავაზობს და მათ გმირებს უწოდებს.
„7-8 მარტს გამართული აქციების მონაწილეების დაკავების საკითხს ბევრი წახნაგი აქვს და აუცილებელია, ეს ამბავი სწორად შევაფასოთ. ამისთვის სამართლებრივი პროცესები არსებობს და სამართლებრივ გადაწყვეტილებებს უნდა დაველოდოთ. სიმართლე გითხრათ, აქციებზე ქართულ საზოგადოებას ის ხელსაწყოები არასოდეს გამოუყენებია, რაც ამ დღეებში იყო გამოყენებული. ეს არაბუნებრივი ქცევა ბევრ კითხვას აჩენს და შეიძლება გარკვეული თეორია ჩამოგვიყალიბდეს, ამ ყოველივეს ოპოზიციის ის ნაწილი ხომ არ მართავდა, რომელიც მუდამ ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას. არ ვიცი ოპოზიციის წაქეზებით თუ მათ გარეშე, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადამიანებმა სრულიად არაბუნებრივი ნაბიჯები გადადგეს.
როდესაც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლასთან დაკავშირებით პირველად კითხვები გაჩნდა, მოგეხსენებათ, რომ რომ ოპოზიციამ მოიგონა, თითქოს ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მართულმა ადამიანებმა ქნეს. შემდეგ გაირკვა ვინ იყო და ახლა საზოგადოებას სხვა ინტერპრეტაციას სთავაზობენ და ამ ადამიანს გმირს უწოდებენ. არ შეიძლება სიტყვა „გმირი“ ასეთი ფალსიფიკაციისთვის გამოვიყენოთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.