დავით კეზერაშვილი ჩვენ ნამდვილად არ გვაფინანსებს. ჩვენი ფინანსები გამჭვირვალეა, დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვიღებთ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ფინანსურ დეკლარაციას წარვადგენთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.
მანჯგალაძის აზრით, საჭიროა იმის ცოდნა, თუ რა ფორმით დახმარებაზეა საუბარი, რადგან თავდაცვის ყოფილ მინისტრს ფინანსური დახმარება არ უხსენებია.
მანჯგალაძე იმასაც ამბობს, რომ კეზერაშვილის დახმარება კანონში რომ არ ჯდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ საქმეები ექნებოდა აღძრული.
„არანაირი „შავი ბუღალტერია“ არ გვაქვს. ეს რომ ასე იყოს, ჩვენს წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას ხელისუფლებას ვერავინ მოასწრებდა. არ ვიცი, კეზერაშვილი ვის აფინანსებს, მაგრამ ინტერვიუში თქვა, რომ ბევრს დაეხმარა. თქვა, რომ პროდასავლურ ფლანგს ძალიან უჭირს და ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანია ამ ფლანგის გაძლიერებისთვის. მართალი გითხრათ, დავით კეზერაშვილის გავლენა არ მიგრძვნია, რომ რაიმე არ ვთქვა, ან ვთქვა. შესაბამისად, თავისუფალი ვარ. შეიძლება, ვიღაცას აფინანსებს და მისი გავლენის ქვეშ არის. ჰიპოტეტურად იმის თქმა, რომ ეს ადამიანი ოლიგარქია, რადგან ვიღაცას დაეხმარა, სწორი არ არის. ეს ადამიანი დახმარების ფორმების დამალვას არ აპირებს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.