ლიეტუვის პრეზიდენტი - ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა მოკლე და მარტივი გზა არაა - გვწამს საქართველოს ევროპული პერსპექტივის და გვჯერა, რომ ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსოლიდირებელი, რათა რეფორმები განახორციელოს

ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა მოკლე და მარტივი გზა არაა - გვწამს თქვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის და გვჯერა, რომ ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსოლიდირებელი, რათა რეფორმები განახორციელოს, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნაუსედამ აღნიშნა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ისაუბრეს იმის აუცილებლობაზე, რომ გაიზარდოს საზოგადოების მედეგობა, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუციების შესაძლებლობები და პროევროპული, პრო ატლანტიკური მისწრაფებები.

„ლიეტუვა და მისი ხალხი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განწყობას და სიმტკიცეს. შეხვედრაზე შესაძლებლობა გვქონდა დეტალურად განგვეხილა პერსპექტივები ლიეტუვას და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებში - პოლიტიკური დიალოგი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა, ინსტიტუციური თანამშრომლობა.

გილოცავთ, პრეზიდენტო, რომ თქვენს ხალხს გასულ წელს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. გულწრფელად გვსურს, საქართველოს წარმატება, რომ მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა მოკლე და მარტივი გზა არაა - ესაა ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა, ეს არის გასაგები და ხელშესახები რეფორმები, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქვეყნის მოქალაქეებისთვის. გვწამს ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და გვჯერა, რომ ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსოლიდირებელი, რათა რეფორმები განახორციელოს.

შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების გამოწვევებზე - ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციაზე; იმის აუცილებლობაზე, რომ გაიზარდოს საზოგადოების მედეგობა, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუციების შესაძლებლობები და პროევროპული, პროატლანტიკური მისწრაფებები. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა არ არის გზა, რომელიც დემოკრატიასა და მოქალაქეების მედეგობას აძლიერებს.

ჩვენ ასევ განვიხილეთ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს დიდი შედეგები როგორც ევროპის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისთვის. რუსეთი ისევ აგრძელებს დამღუპველ ომს, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს რეგიონში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. უკრაინისადმი პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ლიეტუვა არის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდამჭერი უკრაინისადმი. მნიშვნელოვანია აგრესორისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება, რადგან ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა. პრეზიდენტო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ურთიერთთანამშრომლობა გააღრმაოს ნატო-სთან. კვლავ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ თავად აირჩიოთ ალიანსები. გარე ძალებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და მუდმივ მცდელობებს, გააძლიეროს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დემოკრატია“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან. ასევე, საქართველოს პრეზიდენტი ანტაკალნისის სასაფლაოზე ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ლიეტუვის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმს დაათვალიერებს. საქართველოს პრეზიდენტი და ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის უკრაინის ომის პერიოდში გახსნილ "უკრაინულ ცენტრს" ეწვევიან. საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ალექსანდრე ელისაშვილი და თეონა აქუბარდია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის