სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი მონიტორინგს ახორციელებს ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე, რომელსაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ედება ბრალი.
როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულეს.
„სახალხო დამცველის წარმომადგენელი მისი დაკავებიდან სულ რამდენიმე საათში შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მოინახულა, ნახა მისი განთავსების პირობები, ესაუბრა პირადად მას. ჩვენ, ჩვენი მანდატის ფარგლებში, მის საქმეზე მონიტორინგს ვახორციელებთ. დაცვის უშუალო ფუნქცია მის ადვოკატებს ენიჭებათ“,-განაცხადა იოსელიანმა.
კითხვაზე, ირღვევა თუ არა მისი უფლებები, როდესაც „მმართველი პარტიიდან პოლიტიკოსები სახიფათო განცხადებებს აკეთებენ“, იოსელიანმა უპასუხა, რომ მათ განცხადებებს ვერ შეაფასებს.
„პოლიტიკოსების განცხადებებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენი მანდატის ფარგლებში რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ ამ ადამიანთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია მის საპროცესო უფლებების უზრუნველყოფასთან. ეს არის ის ფუნქცია, რაც სახალხო დამცველს გააჩნია. პოლიტიკოსების განცხადებებს პოლიტიკოსებმა უნდა უპასუხონ“, - განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.