კეზერაშვილი ჩვენებებს იძლევა, თუ როგორ არის კლასიკურად დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ადრესატი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, კეზერაშვილის ინტერვიუ მორიგი აღიარება იყო.
„რაც შეეხება კეზერაშვილის განცხადებას, მე ვიტყოდი, ეს არის მორიგი აღიარება. კეზერაშვილი არის წაგებული ომის შემდეგ გამდიდრებული თავდაცვის მინისტრი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი, გახდა ამით მულტიმილიონერი და მოპარული თანხით აფინანსებს რადიკალებს ოპოზიციაში. ყველა ხელმოცარული, ვინც არის ოპოზიციაში რადიკალების სახით, მათი ძირითადი ნაწილი არის კეზერაშვილის დაფინანსების ქვეშ, მათ შორის ტელევიზიებიც. ამაზეა აქ საუბარი და შემდეგ ჩვენ და ქართულ საზოგადოებას არ უკვირს ხელმოცარულები თითო პროცენტიანი პარტიები რომ არიან, "ჭიჭე ვაშაძით" დაწყებული და დამთავრებული "ნაცებით", არიან ასეთი "ლუზერები". ერთადერთი საშუალება, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, მათი ბრძნული აზრებით, არის რევოლუცია და გადატრიალება, ამისთვის იყენებენ იმ ახალგაზრდებსაც და იმ ნამდვილად გულწრფელ შეშფოთებას ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, რომელიც ამა თუ იმ თემაზე თავიანთი არასწორი ინფორმირებით და ინტერპრეტირებით შეცდომაში შეჰყავთ და შემდეგ ცდილობენ ამით ააგორონ რევოლუციური სცენარები, ეს არის მთელი ანი და ბანი. კეზერაშვილი მოპარული თანხით აფინანსებს ოპოზიციას, რა მორალის პარტია უნდა იყოს, რა ღირებულებების, როცა ქართველი ჯარისკაცების ნაძარცვი ფულით ფინანსდებიან და თამამად იღებენ?!
კეზერაშვილი ჩვენებებს იძლევა, თუ როგორ არის კლასიკურად იმ კანონპროექტის ადრესატი, რასაც ჰქვია დეოლიგარქიზაცია, რაც არის 12 - პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ერთ- ერთი მნიშვნელოვანი, რაც ევროკომისიამ ჩვენ განგვისაზღვრა. ჩვენ ახლა ვემზადებით, რომ რეკომენდაციების გათვალისწინებით მივიღოთ ის მეორე მოსმენით და ამის შემდეგ თუ იქნება საჭიროება, კიდევ ერთხელ გადავაგზავნოთ, რომ მივიღოთ მათგან რეკომენდაციები. ამიტომაც არის, რომ ჩასაფრებულები არიან ეს რადიკალები, რომ ამბობენ, რომ ევროინტეგრაცია უნდათ, საქმით რას აკეთებენ -ერთხელ არ შემოსულან, არ დამსხდარან სამუშაო ჯგუფებში. რატომ მოუწყვეს დეოლიგარქიზაციის შესახებ ამ კანონპროექტს ეს მიდგომა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ? - იმიტომ, რომ ზუსტად იციან, რომ მათი დამფინანსებელი არის ქურდი ბატონი კეზერაშვილი, რომელმაც გუშინ ჩვენება მისცა, მედიას ფლობს, პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს და ზუსტად ეს არის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ამ კანონპროექტის და ის მიღებული იქნება,"- განაცხადა ზარქუამ.