გამოძიებამ უნდა დაადგინოს ეს ადამიანები, ახალგაზრდები ხომ არ იყვნენ წაქეზებულნი და ფარად გამოყენებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა "სახელმწიფოს ძალით პოლიციელები არბევდნენ და უმოწყალოდ სცემდნენ", ხოლო გამოძიებასა და კითხვების დასმაში პრობლემას ვერ ხედავს.
"ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკური ოპონენტები ანგარიშგასაწევ ძალასაც არ წარმოადგენენ, ეს ადამიანები და პოლიტიკური ჯგუფები არიან განულებულები. თქვენ ხედავთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკურ დასამარებაზე ხაბეიშვილის არჩევით ლურსმანი ჩააჭედა ბოლომდე. შესაბამისად, რასაც ისინი თავიანთ თავს თვითონვე უკეთებენ, სხვა ვერ გაუკეთებს. ამიტომ ჩვენი ინტერესი და ფოკუსი საერთოდ არ არიან ეს ადამიანები.
რაც შეეხება იმას, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ეს ცხადია, რადგან ამ ადამიანებს ფარად იყენებდნენ და წაქეზება ხდებოდა, ან თუ არ ხდებოდა და თუ არ იყენებდნენ ფარად, ამასაც გამოძიება დაადგენს. გამოძიების წარმოებაში და კითხვების დასმაში პრობლემა რატომ უნდაა არსებობდეს, მე ვერ მესმის. თუ ამ ბატონებს და ქალბატონებს მყარად აქვთ საქმე და ასეთი რამ არ ხდებოდა, შესაბამისად, არც უნდა ეშინოდეთ, რადგან ეს ის დრო არ არის, როცა თვითონ მოსახლეობას და მათ შორის, პოლიტიკურ ოპონენტებსაც სულის ამოხდით გვემუქრებოდნენ. გვახსოვს, როგორ დევნიდნენ, "იმედში" უვარდებოდნენ თქვენს კოლეგებს, სახელმწიფოს ძალით პოლიციელები არბევდნენ და უმოწყალოდ სცემდნენ, ეს წარსულს ჩაბარდა. დღეს არის სხვა რეალობაა, კითხვის დასმა არ ნიშნავს რაიმე პრობლემას, შესაბამისად, გამოძიება არის სწორედ იმისთვის, რომ დაადგინოს ეს ადამიანები, ახალგაზრდები მათ შორის, ხომ არ იყვნენ ფარად გამოყენებული და ხომ არ იყვნენ წაქეზებულნი", - განაცხადა ღუდუშაურმა.