„ქართული ოცნების“ ნებისმიერი გამოძიება ფუჭი იქნება და ვერასდროს გადაწონის იმ პატრიოტიზმს, რომლითაც იქ ქართველი ხალხი იდგა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ ახალგაზრდები გამოიყენა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური დევნა რუსული ხელისუფლებისგან აქვს გადმოღებული.
„ერთადერთი, რაც ჩვენ ვიცით „ქართული ოცნებისგან“ არის ის, რომ მათ პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური დევნა გადმოღებული აქვთ რუსული ხელისუფლებისგან. რა თქმა უნდა, დაიწყებენ ვიღაცაზე გამოძიებას, შეეცდებიან, ვიღაცას ჩირქი მოცხონ, მაგრამ ახლა მთავარი არის ერთი რამე - მათთვის ძნელად წარმოსადგენია ისეთ აქციაზე ყოფნა, როგორიც იყო 7-8 მარტს, სადაც ერთადერთი და მთავარი მოთხოვნა იყო ქვეყნის სიყვარული, ქვეყნის ევროპული მომავალი და ქვეყნის გადარჩენა. ამიტომ, მათი ნებისმიერი გამოძიება იქნება ფუჭი და ვერასდროს ვერ გადაწონის იმ პატრიოტიზმს, რომელი პატრიოტიზმითაც იქ ქართველი ხალხი იდგა,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.