ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სამრეწველო ემისიების შესახებ" კანონპროექტი თანმდევ პროექტებთან ერთად განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკანონმდებლო პაკეტის მიზანია, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, სამრეწველო საქმიანობის შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიების პრევენცია ან შემცირება ასევე, ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია.
„საკანონმდებლო პაკეტის მიღება დაკავშირებულია ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებასთან და მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ვენერა მეტრეველმა, კომიტეტის წევრებს კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებული ძირითადი სიახლეები გააცნო.
„სამრეწველო ემისიების შესახებ კანონპროექტი ეფუძნება სამრეწველო ემისიების შესახებ ევროკავშირის დირექტივას, რომელთა ჰარმონიზების ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს", - აღნიშნა ვენერა მეტრეველმა.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, კერძო სექტორისთვის ამოქმედდება ახალი ვალდებულებები მსხვილი საწარმოების გადაიარაღებისა და ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესების ნაწილში, დაინერგება ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა.
კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეების მნიშვნელობიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დაგეგმილია კანონის ეტაპობრივი ამოქმედება 2026 წლიდან.