რადიკალურ ოპოზიციას მიზნად აქვს სამპუნქტიანი გეგმის შესრულება, სადაც პირველი პუნქტია მოლოდინების აწევა და სტატუსის ვერმიღება, მეორე - აქედან გამომდინარე მღელვარება, ქაოსი, არეულობა, რევოლუცია და ხელისუფლების ცვლილება და მესამე - ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მეორე ფრონტი და ომი ამ ქვეყანაში. ეს არის სწორედ რუსული საქმე , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანაში არეულობა იყოს და მათი მოქმედებები ოკუპანტი ქვეყნის წისქვილზე ასხამს წყალს.
„მათზე ასეთი კარგი წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს, რომ ჩაერთვებიან ევრო რეკომენდაციების შესრულებაში. უკვე ხელისგულზე ჩანს და ეს მათი განცხადებებიდანაც იკვეთება, რომ მათ მიზნად აქვთ სამპუნქტიანი გეგმის შესრულება. პირველი პუნქტი ამ გეგმაში არის კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართ მაქსიმალურად მოლოდინის აწევა, თუნდაც პოზიტიურის, შემდეგ ვერ და არმიღება ამ სტატუსის. ალბათ, გჯერათ, რომ მათ მაინცდამაინც არ უნდათ ამ სტატუსის მიღება და ეს მათი გეგმაა, შემდეგ ამაზე რევოლუციის მოწყობა, საზოგადოებაში მღელვარება, ქაოსი და შემდეგ უკვე ხელისუფლების ცვლილება და მეორე ფრონტი საქართველოში. სწორედ ეს იქნება რუსული საქმე ამ ქვეყანაში, თუკი რაიმე შეიძლება, რუსულ საქმედ მოინათლოს. მათი გეგმა რომ მოქმედებაში მოვიდეს, წარმოუდგენელია სხვანაირად, რომ, მაქსიმუმ, ერთ თვეში რუსეთი არ იდგეს ამ ქვეყანაში. შეიძლება, ვიღაცას მიზნად ნამდვილად არ ჰქონდეს, რომ რუსული ტანკები თბილისის ცენტრში იდგეს, მაგრამ როცა ამ გეგმას მიყვები, ეს არის სწორედ რუსული საქმე და ეს არის საქმე, რომელიც საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად ოკუპანტი ქვეყნის წისქვილზე დაასხამს წყალს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ამის საპირისპიროდ, ხელისუფლების გეგმა არის სტაბილურობა, მშვიდობა, განვითარება.
„ამ სტატუსთან დაკავშირებით უამრავი სპეკულაცია იყო, მათ შორის, მაგალითად, აკავშირებდნენ ხოლმე ამ ყველაფერს ფინანსურ მხარესთან. მოლდოვა, რომელმაც მიიღო სტატუსი, სამწუხაროდ, ამ ქვეყნის ეკონომიკა მინუს ექვსი პროცენტი იყო გასულ წელს, საქართველოს ეკონომიკა იყო პლუს ათი პროცენტი. იმ ქვეყანაში ინფლაცია იყო დაახლოებით 30 პროცენტი, ჩვენთან დაახლოებით – ათი. ანუ, წმინდა წყლის სპეკულაცია და ხალხის მოტყუება იყო, რომ კანდიდატის სტატუსი ავტომატურად იყო უდიდეს ეკონომიკურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული.
სტატუსის მიღება არის სერიოზული პოლიტიკური განაცხადი, მაგრამ ამასთან დაკავშირება იყო სპეკულაცია და ეს პრაქტიკაშიც დადასტურდა. ეს არის მხილება და მტკიცებულება, რომ ჩვენ ოპოზიციის მიერ ნაწარმოები ფეიკკამპანია ფინანსების მიმართულებით მხილებული იქნა. მათი მიზნები არის კანდიდატის სტატუსის არმიღება, ომი ქვეყანაში, მეორე ფრონტი. ჩვენი მიზანია ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა და მშვიდობა“, - განაცხადა მდინარაძემ.