ახლა აქვთ მუქარის და დაშინების მცდელობა, ერთი თვე დასჭირდათ, რომ ასე ესაუბრათ, პირველი დღეები ჩირგვებში ისხდნენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 7-9 მარტის აქციებზე და პოლიტიკოსთა როლზე „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, განცხადებები, რაც კეთდება პროპაგანდაა, ხოლო საგანგაშოა ის, რომ განაჩენის გამოტანამდე ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ გამოაცხადეს.
„არავის მოწოდება არ ჭირდებოდა ხალხს ქუჩაში გამოსასვლელად, როცა ნახეს, რომ რუსული კანონით ევროპული კურსის საბოტაჟი ხდებოდა, გამოვიდნენ მის დასაცავად. ამიტომ პროპაგანდაა ის, რასაც საუბრობენ და საგანგაშოა, რომ განაჩენის გამოტანამდე ადამიანი გამოაცხადეს დამნაშავედ, სამართლიანი სასამართლოს უფლება წაართვეს და როგორც ინკვიზიცია აკეთებდა, ეშმაკეულად გამოგაცხადებდა და მერე არ გქონდა უფლება თავის გამართლების, ახლაც ეს ხდება. მთავარია სახელი გცოდნოდა ადამიანის და გეთქვა, რომ კუდიანია, ამას აქვს ახლა ადგილი, როცა ღარიბაშვილი საუბრობს, რომ სატანები და ეშმაკეულები იყვნენ ახალგაზრდები და ამას იმეორებს „ქართული ოცნება“ თუთიყუშებივით. ახლა აქვთ მუქარის და დაშინების მცდელობა, ერთი თვე დასჭირდათ ასე ესაუბრათ, პირველი დღეები ჩირგვებში ისხდნენ. ამბობდნენ, თქვენ კი არ გამოიყვანეთ ხალხი, ხალხმა გაგაგდეს აქციიდანო. ახლა რა გამოდის ამათი ლოგიკით სატანების და ეშმაკისეულების საბოტაჟს აჰყვნენ და ამიტომ დათმეს რუსული კანონი?! „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ გაურბის პასუხისმგებლობას, ჩვენ ვიყავით ამ ბრძოლის ავანგარდში და მომავალშიც საქართველოს დაცვის ავანგარდში ვიქნებით“, - განაცხადა მანჯგალაძემ.