როცა პარლამენტის თავმჯდომარე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარს ეუბნება დეპუტატს ისარგებლოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით და დაკავებული ციხეში მოინახულოს, მიღრმავდება ეჭვები, რომ ლაზარეს უფლებები საპატიმროში არის სერიოზული რისკის ქვეშ, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციული უფლება არ ნიშნავს ახირებების საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებას.
„როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ვითხოვე ლაზარესთან შესვლის ნებართვა, რისი უფლებაც, როგორც პარლამენტის წევრს მაქვს და ამას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. სამწუხაროდ, თავმჯდომარისგან ყოველგვარი დასაბუთების და ახსნა-განმარტების გარეშე მივიღე უარი, ციხეში მომენახულებინა ლაზარე. მე არ მინდა მძიმე განცხადებების გაკეთება, მაგრამ გასული დღის განმავლობაში ნახეთ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია ციხეში მისი უფლების დარღვევასთან დაკავშირებით და იმ პირობებში, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ყოველგვარი დასაბუთების და მიზეზის ახსნის გარეშე უარს ეუბნება პარლამენტის წევრს ისარგებლოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, მიღრმავდება ეჭვები, რომ მისი უფლებები ციხეში არის სერიოზული რისკის ქვეშ. ის, რომ ეს არის დისკრეციული უფლებამოსილება, არ ნიშნავს იმას, რომ თავმჯდომარე შეუძლია ახირების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ეს მისი უფლებამოსილებაა, მაგრამ მისი ნაწილია ის, რომ ამას უნდა ახლდეს დასაბუთება, რატომ არ მაძლევს პატიმრის მონახულების საშუალებას,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.