მივმართავ მთავრობას, გაორმაგდეს ონკოპაციენტების და დიაბეტით დაავადებული ბავშვების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული ლიმიტები, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უფრაქციო პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ბექა ლილუაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით განსაზღვრული ლიმიტების ზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ონკოპაციენტებისა და დიაბეტით დაავადებული ბავშვების მდგომარეობაზე გაამახვილა.
„მოგმართავთ თქვენც და მივმართეთ უკვე მთავრობას, გაორმაგდეს ონკოპაციენტებისა და დიაბეტით დაავადებული ბავშვების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული ლიმიტები. გამოიყოს ფინანსური რესურსი 17 ბავშვის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რომელთაც აქონდროპლაზია აქვთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოქალაქეების მოთხოვნას, გაიზარდოს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით განსაზღვრული ეს ლიმიტები და ამაზე წერილობით უკვე მივმართეთ მთავრობას.
ონკოპაციენტებისთვის საჭირო წამლებზე ფასების 4- ჯერ ზრდამ და მათი მკურნალობის სქემით გათვალისწინებული პრეპარატების შეზღუდულმა მიწოდებამ დაამძიმა ამ ოჯახების მდგომარეობა, იმიტომ, რომ გაეზარდათ ჯიბიდან გადახდები. 25 ათას ლარიანი ზღვარია დაწესებული დღეს საყოველთაო ჯანდაცვით და ნამდვილად არასაკმარისია. ვერ პასუხობს მათ ახლანდელ გამოწვევებს. ონკოპაციენტების საჭიროებებთან ერთად, უდიდეს გამოწვევად რჩება დიაბეტით დაავადებული ბავშვების მკურნალობის და აუცილებელი მედიკამენტების ასევე, საანალიზო ტექნიკური საშუალებების ხელმისაწვდომობა და იცით თქვენ ეს. განსაკუთრებით რეგიონებშია ეს პრობლემა“, - აღნიშნავს ლილუაშვილი.
მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამების სრულყოფილად დასაფინანსებლად ბიუჯეტში თანხა საკმარისადაა.
„ამასთან, აუცილებელია მოხდეს მუნიციპალური, რეფერალური მიზნობრივი პროგრამების ხელმისაწვდომობის ზრდაც. ეს არის ერთადერთი შემავსებელი საყოველთაო ჯანდაცვასთან ერთად. ამ პროგრამების ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს. განხორციელდეს ასევე საერთაშორისო ტენდერით ფარმაკოლოგიური პროდუქტების შესყიდვა, ესეც მნიშვნელოვანია. აქ შესაბამისი ხარისხის კონტროლი საჭიროა, ამოქმედდეს GMP სტანდარტების ლაბორატორიაც. დასახელებული პროგრამებისთვის საკმარისადაა ფინანსები ბიუჯეტში“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.