პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას - მართლა არ მესმის, დასავლეთი ომს გვაძალებს და რუსეთი რას შვრება, რომელიც ოკუპანტია და აგერ 35 კილომეტრში დგას, ჩვენი მეგობარია?

მართლა არ მესმის, დასავლეთი ომს გვაძალებს და რუსეთი რას შვრება, რომელიც ოკუპანტია და აგერ 35 კილომეტრში დგას? ჩვენი მეგობარია? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას 84 -კაციანი უმრავლესობის მქონე „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემა არ უნდა იყოს, თუ არსებობს პოლიტიკური ნება.

„აქ გამოვიდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და მიზანზე ძალიან სწორად ისაუბრა, რომ საქართველოს, ევროპაში ინტეგრაციაზე უფრო დიდი მიზანი, თუ არ ჩავთვლით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დეოკუპაციას, არ აქვს. შესაბამისად, თუ ეს არ არის მხოლოდ საუბარი და ქმედითად ნამდვილად ასე ფიქრობს „ქართული ოცნება“, მე ვერ ვხვდები რა პრობლემა არის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება?! არცერთი საკითხი ამ რეკომენდაციებში არ არის ისეთი, რომელთაც 84 -კაციანი უმრავლესობის მქონე „ქართული ოცნება“ ვერ შეასრულებს, მაგრამ, სინამდვილეში, არ არსებობს პოლიტიკური ნება და ნაცვლად რეკომენდაციების შესრულებისა, ეძებთ მიზეზს, საბაბს, ვის დააბრალებთ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებას. პირდაპირ ვეკითხები მაკა ბოჭორიშვილს, „ქართული ოცნების“, წარმომადგენლებს. ვთქვათ და დავიჯერეთ, რომ ოპოზიცია არის დესტრუქციული, რაში გჭირდებათ იმ ცვლილებების მიღებაში ოპოზიციის ხმა? სად არ დაგიდექით გვერდში, რომელი ინიციატივა შემოიტანეთ დემოკრატიული და არ დაგიდექით გვერდით? არაერთხელ ვთქვით, გარდა ტექნიკური საკითხისა და 12 პუნქტის შესრულებისა, არის კიდევ პოლიტიკური საკითხი. როცა იყო გაფართოებები სხვადასხვა დროს ან კანდიდატის სტატუსის მიღება, ქვეყნები მუშაობდნენ წევრ სახელმწიფოებთან, რომ დადებითი რეკომენდაციები ყოფილიყო, ასეთი ისტორია აქვს ამ კანდიდატის სტატუსის და გაწევრიანების ისტორიას. თქვენ რას აკეთებთ? ყოველდღე ლანძღავთ დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ევროპარლამენტს ეძახით მოსყიდულებს, რომ კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი აქვს, კანდიდატის სტატუსი თქვენთვის დაიტოვეთ, კანდიდატის სტატუსი სათაგურია. ეს აზიანებს რეალურად ჩვენს შესაძლებლობას, შანსს კანდიდატის სტატუსის მიღების და არა ის, რომ ჩვენ დავდივართ და ვეუბნებით ყველას, საქართველოში დემოკრატიული რეფორმებია საჭირო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი სჭირდება. ეს გვჭირდება იმიტომ, რომ რუსეთმა კიდევ არ გაიგოს, როგორც მაპ-ის დროს იყო და ეს დათმობად ჩათვალა დასავლეთის მხრიდან, შედეგად კი აგრესია განახორციელა, ისეთი რამ არ მოხდეს ქვეყანაში. ჩვენ ამას პასუხისმგებლობით ვეკიდებით. თქვენ რას აკეთებთ? რას აკეთებს უმრავლესობა? გარდა იმისა, რომ გადააბრალოს დასავლეთს, რომ ომს გვაძალებს. თუ დასავლეთი გვაძალებს ომს, რას ეფუძნება ჩვენი უსაფრთხოების კონცეფცია, რუსეთის გულის მოგებას? რუსეთთან მუხლებზე დადგომას? თუ დასავლეთს მტრად წარმოაჩენთ საზოგადოებაში? რას ეფუძნება ჩვენი უსაფრთხოება? დასავლეთის მხარდაჭერის გარდა, საქართველოს თავისუფლების დამცველი არაფერი არაა. ეს უნდა გავიაზროთ კარგად. მართლა არ მესმის, დასავლეთი ომს გვაძალებს და რუსეთი რას შვრება, რომელიც ოკუპანტია და აგერ 35 კილომეტრში დგას? ჩვენი მეგობარია? დუგინის დოტქრინაა და ზუსტად იმას მიყვებით. ვერ უარვყოფთ ოკუპაცია ფაქტიაო, მაგრამ ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენი კეთილდღეობის და ეკონომიკური სარგებლის გარანტია არის რუსეთიო. ამას აკეთებთ. რატომ გაიზარდა რუსეთზე დამოკიდებულება სტრატეგიულ პროდუქტთან დაკავშირებით, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ფქვილი, ხორბალი? თავისუფლება რამდენი თეთრი ღირს? საწვავთან დაკავშირებით, რატომ ვაკეთებთ ამას, რომ საქართველო გახდეს დამოკიდებული და უფრო დიდი ბერკეტი ჰქონდეს რუსეთს საქართველოზე? ეს არის რუსული საქმე, ამის გამო არ სჯერა თქვენი ხალხს და არც ჩვენ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი