ლაზარე გრიგორიადისის უფლებების დარღვევაზე გუშინ კიდევ ერთი „ფეიკკამპანია“ ვნახეთ და ეს არის საერთო კამპანიის ნაწილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ლაზარე გრიგორიადისს თავი მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს, ადვოკატი მასთან დროულად არ დაუშვეს და მეგობრის დაკავებით ემუქრებოდნენ.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ განმარტა, რომ ეს სიყალბე იყო, ხოლო თუ ვინმე თვლის, რომ უფლებები შესაძლოა, ირღვევა, მასთან დაშვება აქვთ ადვოკატებს, ომბუდსმენს და ნებისმიერს შეუძლია ამის გადამოწმება.
„ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და ამ ისტორიის გადაწერის და ყალბი სახით მიწოდების მცდელობას ისევ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. შეგახსენებთ, რომ ლაზარეც, სხვა ახალგაზრდებიც სწორედ ამ რადიკალურმა ოპოზიციამ დატოვა მარტო ქუჩის პროტესტში, ამოფარებულები არიან ამ ახალგაზრდებს და ახალგაზრდებით ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვონ და პოლიტიკური ტემპერატურა როგორმე აწიონ, რადგან მათ დღეს აქვთ ძალიან დაბალი ტემპერატურა და დაბალი რეიტინგი.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, რა თქმა უნდა, არავითარი კავშირი იმ კანონდარღვევას, რომლის გამოც ეს მოქალაქე არის პატიმრობაში, არ აქვს არც მის გემოვნებასთან, არც იმასთან თუ ვისთან მეგობრობს და საერთოდ, რა მსოფლმხედველობის ადამიანია. კანონი საერთოდ არ ინტერესდება ამით. კანონი ამბობს, რომ ძალადობა არის მიუღებელი და ამაზე არის კონკრეტული სანქციები. რადიკალური ოპოზიცია ცდილობს გაამართლოს ადამიანზე ბენზინის გადასხმა და ცეცხლის მოკიდების ფაქტი, ამას უწოდოს მშვიდობიანი პროტესტი, ლიბერალიზმი და თავისუფლება. ეს თავისთავად არის დიდი ტყუილი და ზუსტად ყველაზე დიდ ზიანს ასეთი განცხადებები აყენებს მართლმსაჯულებას და დემოკრატიას,“ - განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება ლაზარე გრიგორიადისთან დეპუტატების არშეშვებას, თალაკვაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება რეგლამენტის დაცვით იქნა მიღებული.
„არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იყო და როდის მიმართეს, მაგრამ საპატიმრო დაწესებულებაში დეპუტატის შეშვება არის პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციული უფლება, რაც ნიშნავს, რომ მასზეა დამოკიდებული, მისცემს თუ არა ნებართვას. რეგლამენტის სრული დაცვით იყო მიღებული ეს გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა თალაკვაძემ.