დიახ, ევროპა თვითმიზანია, რადგან ევროპაშია საქართველოს გადარჩენის ერთადერთი შანსი, რადგან უსაფრთხოება ევროპაშია, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები ევროპულ ინტერესს ემთხვევა, რადგან კეთილდღეობა, თავისუფლება ევროპაშია. დიახ, ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ისტორიული არჩევანი, - ამის შესახებ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება თავისი ქმედებით საფრთხის წინაშე აყენებს ისტორიულ შესაძლებლობას და ქვეყნის ევროპულ არჩევანს.
„ეს შანსი, რომელიც დღეს უკრაინის თავდადებამ მოგვცა, არის უნიკალური ისტორიული შანსი და ნაცვლად იმისა, რომ ამ შანსს თქვენ იყენებდეთ, ყოველდღიურად, თქვენი მოქმედებით საფრთხის წინაშე აყენებთ ჩვენს ევროპულ არჩევანს.
კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის აბსტრაქტული, ეფემერული და მიუწვდომელი. ეს არის ძალიან კონკრეტული რამ, რომლის მიღებაც საქართველოს მყისიერად შეუძლია. თუ გადადგამს კონკრეტულ, მყისიერ და არც თუ ისე რთულ ნაბიჯებს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მოითხოვს დეოლიგარქიზაციას, კორუფციის აღმოფხვრას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას საქართველოში და იმ ელემენტარული დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილებას, რომელსაც თქვენ საქართველოს მოქალაქეებს ჰპირდებოდით", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.