მამუკა მდინარაძე - გსურთ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, აადუღოთ სიტუაცია, მოხდეს რევოლუცია და შეცვალოთ ხელისუფლება - ეუბნებით მსოფლიოს, რომ რეკომენდაციები შესრულებული არ გვაქვს, რაც ტყუილია

ყველამ ვნახეთ, რომ უსამართლობა იყო ის საფუძველი, რის გამოც კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო არა „ქართულმა ოცნებამ“, არამედ ჩვენმა ქვეყანამ და ეს თავად ევროკავშირმა კრიტერიუმების გამოქვეყნებით აღიარა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კამპანია, რომელსაც მავნებლობის გარდა არაფერი შეიძლება დაერქვას, გრძელდება.

„ამ კამპანიის შესრულების და აღსრულების პროცესს ვუყურებთ ჩვენ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. გუშინ ვთქვი და დღეს უკვე ასეთ მოკლე დროში დადასტურდა, რომ ეს ხალხი პირდაპირ მიყვება გეგმას, რომლის პირველი პუნქტიც არის მოლოდინის აწევა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის და ერთადერთი „ქართული ოცნების“ ნება და რეკომენდაციების შესრულებაა გადასაწყვეტი და დანარჩენი უკვე გამზადებულია ყველაფერი და კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მოგვცემენ და რომ არა „ქართული ოცნება“ ეს უკვე დამთავრებული ამბავი იქნებოდა. არადა ყველამ ვნახეთ, რომ უსამართლობა იყო ის საფუძველი, რის გამოც კანდიდატის სტატუსი უკვე წარსულში დღევანდელი გადასახედიდან, ვერ მიიღო არა „ქართულმა ოცნებამ“, არამედ, ჩვენმა ქვეყანამ და ეს თავად ევროკავშირმა კრიტერიუმების გამოქვეყნებით აღიარა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ამ გეგმის მეორე ეტაპი არის კანდიდატის სტატუსის არმიღება.

მდინარაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციების შესრულების მხრივ თითქმის ბოლოშია გასული და სულ რამდენიმე რეკომენდაცია რჩება შესასრულებელი.

„ამ გეგმის მეორე ეტაპი არის კანდიდატის სტატუსის არმიღება, რაშიც ეს ხალხი მაქსიმალურად ცდილობს, რომ იყოს ჩართული და მათ შორის ახლა, რომ ფორმატებს გვიანონსებენ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, სამწუხაროა ამის თქმა რომ მიწევს, ის პრეზიდენტი, რომელიც ორი დღის წინ ამ ტრიბუნასთან გამოდიოდა, ამბობდა, რომ არ გვეკუთვნოდა და არც ახლა გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ თითქოს ფორმალურად არის შესრულებული რეკომენდაციები. მაშინ, როდესაც თითქმის ბოლოში ვართ გასული და სულ რამდენიმე ორი-სამი რეკომენდაცია რჩება შესასრულებელი, დღეს ამასაც არ აღიარებთ, თქვენი ქვეყნის პარლამენტის ტრიბუნიდან ეუბნებით მთელ მსოფლიოს, ევროპას, ევროკავშირს, რომ ჩვენ არ გვაქვს შესრულებული რეკომენდაციები, რაც არის ტყუილი და ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება“, - განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.

მდინარაძის თქმითვე, შემდეგი ეტაპი არის ის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რის შემდგომაც ოპოზიციის გათვლით და გეგმებით ამის გამო შეიქმნას ემოციური ფონი და ქვეყანაში რევოლუცია მოხდეს.

„შემდეგი ეტაპი არის ის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამის შემდეგი ეტაპი თქვენი გათვლით და თქვენი გეგმებით არის ის, რომ ამის გამო შეიქმნას ემოციური ფონი, აადუღოთ სიტუაცია, ქვეყანაში მოხდეს რევოლუცია და შეცვალოთ ხელისუფლება, ამიტომ თქვენ ვერავინ დაგიჯერებთ, არავინ დაგიჯერებთ, რომ თქვენ გინდათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება და ამაზე თქვენი იდეოლოგების, აქტივისტების, ლიდერების განცხადებები მეტყველებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა მიიღოს, რომ ვერ მივიღებთ სტატუსს. თუ ვერ მივიღებთ კი არა, რომ ვერ მივიღებთ სტატუსს როგორ უნდა ვიმოქმედოთ, სამოქმედო გეგმებზე საუბრობთ და ამისი ბოლო, თქვენი რომ ასე დამცინავად ლაპარაკობთ ხოლმე, არის ომი და არეულობა ამ ქვეყანაში და მეორე ფრონტად ქცევა, დიახ, უკრაინიზაცია, რომ ეს ქვეყანაც გახდეს ფიზიკური შეტევის ობიექტი ოკუპანტის მხრიდან. ამის ხელშეწყობას აქვს თქვენი მხრიდან ადგილი. სწორედ ამის ხელშეწყობა იყო, მაშინ როდესაც თქვენ ხელი მოუწერეთ რუსეთს საკუთარი სამხედროების მიერ ვითომ ომის დაწყებაზე, ხელი მოუწერეთ რუსეთს საკუთარი სამხედროებს რომ დაბრალებოდათ ომის დაწყება, რაც არ გაგივიდათ. დღეს ხელშეწყობაა, რომ რუსული საოკუპაციო ჯარი იდგეს ამ ქვეყანაში, რასაც ვერ ეღირსებით, იმიტომ, რომ პრაგმატული პოლიტიკა, მშვიდობის პოლიტიკა განვითარების პოლიტიკა, და მშვიდობით ევროპაში, ღირსებით ევროპაში აი, ეს პოლიტიკა იქნება დომინანტი, და გადამწყვეტი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ოპოზიციისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ სამწუხაროდ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ამის საპირისპირო პოლიტიკას აწარმოებენ.

„როდესაც ჩვენ იმაზე ვლაპარაკობთ, რომ თქვენ მოძალადეებს, ადამიანებს, რომლებსაც ბრალი ედებათ უმძიმეს დანაშაულში, რომლებიც ცდილობდნენ ადამიანების, პოლიციელების ცოცხლად დაწვას, ამას უჭერ მხარს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი გენეტიკური კოდი არის ძალადობა. ეს გენეტიკური კოდი იყო თავის დროზე თქვენი დომინანტი მასაზრდოებელი და მამოძრავებელი. დღეს, დიახ, ბრალი ედება ადამიანს სხვა ადამიანის, პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში და მას უჭერთ მხარს, ეს არის თქვენი გენეტიკური კოდი“, - აღნიშნა მდინარაძე.

ამასთან, მდინარაძე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომან გოცირიძის განცხადებას და აღნიშნა, რომ მიგრაციის უარყოფითი სალდო დრამატულად გაზრდილი არაა.

„ბატონი რომანი და ყველა იტყუება, როდესაც საუბრობს მიგრაციის უარყოფით სალდოზე თითქოს ახლა არის დრამატულად გაზრდილი. რეალურად, თქვენს დროს 221 000 ადამიანით მეტი იყო გასული ქვეყნიდან, ვიდრე შემოსული და ჩვენი მმართველობის დროს, ეს არის 52 000. ანუ ოთხჯერ მეტი თქვენს დროს და თქვენ არ უნდა ლაპარაკობდეთ ამაზე, რადგან ეს არის ტყუილი და ესეც ერთი ფაქტი თქვენი ტყუილების დასადასტურებლად“, - განაცხადა მდინარაძემ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა