ვფიქრობ, სწორედაც რუსული ნარატივია ის, რომ როდესაც ოპოზიცია საქართველოსთვის გახსნილ ევროკავშირის გზას ხედავს, იმ მომენტში მასიური პოლიტიკური ტურბულენტობის შექმნას იწყებს. ვიზალიბერალიზაციაც და ასოცირებაც თქვენთვის და თქვენი შვილებისთვისაა და ამიტომ, თუ ძალიან გინდათ, რაიმე გააკეთეთ და პროცესში ჩაერთეთ, - ასე მიმართა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ოპოზიციონერებს პარლამენტის პლენარულ სესიაზე.
მისივე თქმით, ოპოზიციას არ სურს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღოს. როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობამ უნდა დაინახოს როგორ ურტყამს ქართული ოპოზიცია ზურგში დანას საქართველოს და არა „ქართულ ოცნებას“.
„მინდა ოპოზიციას მივმართო, რომ სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრობა და მისი იდეოლოგიის გაზიარება არის განაჩენი. სიცრუის ტირაჟირება და „მოდელირებული ქრონიკა“ თქვენი ცხოვრების სტილია და ამას ისტორია ძალიან კარგად შეაფასებს.
თუ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, ეს ქართველი ხალხისთვის იქნება და ჩვენ, თქვენთან ერთად, ქართველმა ხალხმა აგვირჩია. კარგად უნდა დავინახოთ, როგორ ურტყამს ქართული ოპოზიცია ზურგში დანას საქართველოს და არა „ქართულ ოცნებას“. ეს იმისთვის, რომ ქართული ევროპული გზა მოშალოს. სულ ახლახან, ირლანდიაში ძალიან მაღალი დონის შეხვედრები გვქონდა და მე სრულიად გაოგნებული ვარ იმით, თუ რა მოვისმინე მათგან. პირადი გზავნილებითა და მესიჯებით ათასი სიცრუე ვრცელდება იმაზე, თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება“. იფიქრეთ, რომ თქვენი სიცრუე მათზე დიდი ხნით ვერ მოახდენს გავლენას. ძალიან მიკვირს ადამიანების, რომლებმაც დაკარგეს ყველა შესაძლებლობა, რომ ადამიანური მიმართვის ფორმები შეინარჩუნონ და ამის გამო შეურაცხყოფაზე გადადიან.
მე ვფიქრობ, სწორედაც რუსული ნარატივია ის, რომ როდესაც ოპოზიცია საქართველოსთვის გახსნილ ევროკავშირის გზას ხედავს, იმ მომენტში მასიური პოლიტიკური ტურბულენტობის შექმნას იწყებს. რა ჰქვია ამას თუ არა სამშობლოს ღალატი?! ოპოზიციას არ სურს რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღოს. ეს არის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა, რომელიც ჩვენს შვილებს ზიანს მიაყენებს.
იცით, რიტორიკა რატომ შეცვალეთ? იმიტომ, რომ გრძნობთ, 12 პუნქტიც შესრულდება და მის მიღმა ბევრ ქვეყანასაც ბევრ კომპონენტში გავუსწრებთ და ეს ვერ გადაიტანეთ. ვიზალიბერალიზაციაც და ასოცირებაც თქვენთვის და თქვენი შვილებისთვისაა და ამიტომ, თუ ძალია გინდათ, რაიმე გააკეთეთ და პროცესში ჩაერთეთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.