დავით კირკიტაძე უმრავლესობას - ხალხს თქვენი აღარ სჯერა, მშვიდად ვართ, თუმცა ეს სიმშვიდე არ გვაძლევს უფლებას, ოდნავ მაინც მოვდუნდეთ ევროპული პერსპექტივის დასაცავ გზაზე

ხალხს თქვენი [„ქართული ოცნების“] აღარ სჯერა, მშვიდად ვართ, თუმცა ეს სიმშვიდე არ გვაძლევს უფლებას, ოდნავ მაინც მოვდუნდეთ ევროპული პერსპექტივის დასაცავ გზაზე - 9 აპრილს, უნდა გამოვიდეთ და როგორც 8-ში და 7-ში, ვაჩვენოთ, რომ ნამდვილად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საჯარო მოხელეებსაც კი აღარ სჯერათ.

„დღევანდელი დღეც არ არის გამონაკლისი, „ქართულმა ოცნებამ“ დღევანდელი დღე გახსნა და აგრძელებს ოპოზიციაზე თავდასხმით. მაგრამ ძალიან მშვიდად ვართ იმიტომ, რომ 2012 წლისგან განსხვავებით, ქართველ ხალხს თქვენი აღარ ესმის და აღარ სჯერა. თქვენი აღარ სჯერა საჯარო უწყებების თანამშრომლებსაც და ამიტომ იქცა ნანა მალაშხია, საჯარო სექტორის წარმომადგენელი, სიმბოლოდ იმ აქციებისა, რომელმაც გაიძულათ, უკან დაგეხიათ და რუსული კანონპროექტი არ ქცეულიყო კანონად. აღარ სჯერა ხალხს, მშვიდად ვართ, თუმცა ეს სიმშვიდე არ არის გარანტია, არ გვაძლევს უფლებას, ოდნავ მაინც მოვდუნდეთ ევროპული პერსპექტივის დასაცავ გზაზე. ჩვენი ევროპული მომავალი რომ დასაცავია თქვენგან, არაერთხელ დადასტურდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, პატრიოტების გამოსვლამ, აქტიურობამ. ვნახეთ, რომ დედაქალაქში გამოსულ ჩვენი ქვეყნის უამრავ პატრიოტს მხარი აუბა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში. 9 აპრილს, ისე როგორც არასდროს, უნდა გამოვიდეთ და როგორც ეს გავაკეთეთ 8-ში, 7-ში, ვაჩვენოთ, რომ ნამდვილად ვიმსახურებთ სტატუსს, წევრობას, ჩვენი ისტორიით, დღევანდელობით და მომავლის ხედვით. რამდენჯერმე შეეცადეთ, ჩვენი პოზიცია არასწორად შეგესაღებინათ მოქალაქეებისთვის. ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომ საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს სტატუსს და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს. თქვენ შეეცადეთ ჩვენს მაგივრად გესაუბრათ. შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ევროპული პოლიტიკური ოჯახის, ევროპის სახალხო პარტიის წევრი. ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და ოფიციალურ დელეგაციას ამ დღეებში ექნება ვიზიტი და იქაც ვანახებთ ჩვენს პოზიციას. ამისთვის ბევრი გავაკეთეთ და დარწმუნებულები ვართ, ქართველ ხალხთან ერთად ამას აუცილებლად მივაღწევთ, რომ ჩვენი ქვეყანა ვიხილოთ სამშვიდობოზე. სამშვიდობო არის სწორედ ევროკავშირის საბოლოო წევრობა, რომელიც მოიტანს ჩვენი პენსიონერების, ხანდაზმულების ღირსეულ სიბერეს და შეაჩერებს იმას, რასაც თქვენ წარმატებით უკეთებთ ამ ქვეყანას - ცლით საქართველოს ქართველი მოქალაქეებისგან“, განაცხადა დავით კირკიტაძემ.

გარდა ამისა, კირკიტაძის თქმით, ხელისუფლებამ რიკოთის უღელტეხილი გადაკეტა და ცდილობს, მოსახლეობას 9 აპრილს თბილისში ჩამოსასვლელად ხელი შეუშალოს.

„თქვენთვის განსხვავებული აზრი მიუღებელია. განსხვავებული აზრი ჩვენი მხრიდან კი არა, თქვენს შიგნით განსხვავებული აზრი ვინც დააფიქსირა, ეს ადამიანები საქართველოს პარლამენტიდანაც გაიყვანეთ. როგორ დავიჯეროთ, რომ ევროპული ინტეგრაცია გინდათ და ჭავლით და გაზით უმასპინძლდებით ადამიანებს, რომლებიც ევროპული დროშებით არიან გამოსულები ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად. იმისთვის, რომ რუსთაველზე 9 აპრილს არ მისცეთ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს დასავლეთ საქართველოდან, გამოხატონ პოზიცია, ისიც კი დაუშვით, რომ გადაკეტეთ რიკოთის უღელტეხილი და ცდილობთ ადამიანებს თბილისში ჩამოსვლამდე ხელი შეუშალოთ. ვერ მიიღება არგუმენტები, რომ თითქოს ადამიანების უსაფრთხოებას იცავთ. სატვირთოები რომ მოძრაობენ, მათი უსაფრთხოება არ გადარებთ? მაგრამ თქვენ აკეთებთ ყველაფერს, რომ 9 აპრილს თბილისში საქართველოს მოქალაქეები არ გამოვიდნენ“,- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში