პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო პროგრამის ძირითად საკითხს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით, წარმატებით ახორციელებს. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ იყო ერთადერთი პარტია, რომლის საარჩევნო პროგრამის ძირითადი საკითხი იყო განაცხადის გაკეთება ევროკავშირში წევრობაზე. „ქართული ოცნება“ იყო ერთადერთი პარტია და ამ პარტიამ მიიღო საქართველოს მილიონი მოქალაქის მხარდაჭერა, ამიტომ აქ აღმოჩენებს ნუ აკეთებთ. 2020 წლის ოქტომბერში ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და სწორედ ეს დაკვეთა არის, რომელიც ამ საპარლამენტო მოწვევაში ხელისუფლებას აქვს და ამ დაკვეთას, როგორც ხედავთ, წარმატებით ვახორციელებთ. განაცხადი არის დროზე ადრე შეტანილი, პერსპექტივა არის ევროკავშირში გაწევრიანების და ვხედავთ საპირისპირო მოქმედებებს. დღესაც იყო საუბარი იმაზე, რომ არის პარტიები, რომლებიც დგანან და ერთადერთი დღის წესრიგი აქვთ სხვადასხვა კორიდორებში, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ მისცეთ საქართველოს კანდიდატობა. არჩილ თალაკვაძემ ეს ჯერ კიდევ გასულ წელს მაისში იკითხა, იმსახურებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, ამ ხელისუფლების პირობებში, მაშინ ბევრმა ვერ გაბედა ხელის აწევა. ახლა მაინც აწიეთ ხელი, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ქართველმა ხალხმა ეს მანდატი მისცა „ქართულ ოცნებას“ და ამ მანდატით ვმოძრაობთ და ვმოქმედებთ ჩვენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.