მოგიწოდებდით, ამოხვიდეთ ქვეყნის ინტერესიდან და ყველაფერი გავაკეთოთ როგორც სახლში, ისე ქვეყნის გარეთ, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა და ამით უმრავლესობის წევრებს მიმართა.
როგორც მან აღნიშნა, ანტიდასავლური გზავნილები, როგორებიცაა ტერმინები - „უკრაინიზაცია“ და „მეორე ფრონტი“, ჩვენი ხალხის დაკვეთის შესრულების წინაპირობას - კანდიდატის სტატუსს აზიანებს.
„უმნიშვნელოვანესია, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა წელსვე მივიღოთ. ასევე, უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულება, არამედ ევროპული ქცევის ჩვენება და არა ის, რასაც ჩვენ ამ დარბაზში ხშირად ვხედავთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებდით, ამოხვიდეთ ქვეყნის ინტერესიდან, ხალხის დაკვეთიდან და ყველაფერი გავაკეთოთ როგორც სახლში, ისე ქვეყნის გარეთ, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
ანტიდასავლური გზავნილები - „უკრაინიზაცია“, „მეორე ფრონტი“, ჩვენი ხალხის დაკვეთის შესრულების წინაპირობას - კანდიდატის სტატუსს აზიანებს და დაბრკოლებას უქმნის ქართველ ხალხს, რომ შექმნას ისეთი მომავალი, რომელიც რუსეთიდან ნაკარნახევი არ არის“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.