საქართველო ყოველთვის იყო ბრძოლის წინა ხაზზე. ჩვენ დღეს, რომ არ გვინდა ის უბედურება დატრიალდეს, რაც უკრაინაში ტრიალებს და ამას თავს რომ ვარიდებთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ან რუსეთის გვეშინია, ან ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ავცდით-სწორედ ევროკავშირის გზაზე რომ გვინდა ვიდგეთ, იმიტომ ვატარებთ ამ გონივრულ პოლიტიკას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ოპოზიციას, გამონაკლისი დეპუტატების გარდა, არცერთ პუნქტში არ მიუღია მონაწილეობა.
„ცოდვაა ეს ქვეყანა, ვინაიდან, რომ იტყვიან, გასაქანი აქვს მიცემული ყოველგვარ აღვირახსნილ პროპაგანდას. არ არის ჯარში მსახურება, სამშობლოს დაცვა, რაც არ უნდა მძიმე პირობებში ხდებოდეს ამ სამსახურის გაწევა - მონობა, არ შეიძლება ამის ასე კულტივირება. ეს არის ქართულ ჯარში სამსახური, რომლის პირობები თუ უკეთესი იქნება, კარგი იქნება ქვეყნისთვისაც და მომსახურე ჯარისკაცისთვისაც.
კანონი, რომელიც ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციების ელემენტარულ გამჭვირვალობას, მათ შორის, ტელევიზიებისაც, „რუსული კანონი“ არ არის. ეს არის კლიშე. ისევე, როგორც სიტყვა „მონობა“ და „რუსული“დომინანტი გახდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისეთი საარჩევნო კოდექსი მივიღეთ სრულად ელექტრონული წესით ჩასატარებელი, რომლის მსგავსი ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ არის, მაგრამ თითქოს არაფერი მომხდარა.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის გარშემო სპეკულაცია არის ზუსტი გაგრძელება იმ საბოტაჟისა და სპეკულაციისა, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ დიდი ენთუზიაზმით წამოიწყო, რათა არჩევნების შედეგები უკანონოდ გამოცხადებულიყო. უნდა აღინიშნოს, რომ ამაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც ძალიან დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულები, რომელთაც არ უნდათ სწორედ ანგარიშვალდებულება და რომლებიც პირდაპირ ტყუილი მონაცემების პროპაგანდას ეწეოდნენ. ესეც რეალობაა.
ქალბატონ პრეზიდენტსაც შევახსენებთ, რომ დასჭირდა შარლ მიშელის ჩარევა. შედეგად რა მივიღეთ? რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატა კეთილი ნება, წამოვიდა ამაზე, მაგრამ ძირითადი ოპოზიციური საბოტაჟის დამკვეთი და შემსრულებელი პარტია, 100 დღის განმავლობაში ამას ხელს არ აწერდა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი საქართველოს და ქართველ ხალხს მიენიჭება.