9 აპრილის აქცია უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ლაზარე, როგორც სიმბოლო ევროპული მომავლისთვის ბრძოლის, შეუძლებელია არ დავაყენოთ ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად , - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინიციატივას, რომ 9 აპრილის აქციის მთავარი მოთხოვნა ლაზარეს გათავისუფლება უნდა იყოს.
ხაბეიშვილის განცხადებით, 9 აპრილის აქცია ზეპარტიული იქნება და მთავარი მოთხოვნა ლაზარეს გრიგორიადის გათავისუფლება იქნება.
„9 აპრილის აქცია უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ცხადია, ლაზარე არის ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც იბრძოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და შეუძლებელია სხვანაირად იყოს 9 აპრილის აქცია, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი იყოს ტუსაღობაში აყვანილი, როგორც სიმბოლო ევროპული მომავლისთვის ბრძოლის და შეუძლებელია ჩვენ მთავარ მოთხოვნად არ დავაყენოთ ლაზარეს გათავისუფლება. ცხადია, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ აქციაზე, ისევე, როგორც ჩვენი ევროპული პერსპექტივის მიღება, ვგულისხმობ 12 - პუნქტიანი გეგმის შესრულებას, სადაც საუბარია დეპოლარიზაციაზე, დეოლიგარქიზაციაზე, პოლიტიკური პატიმრები არ უნდა ჰყავდეს ამ ქვეყანას, როგორიც არის პრეზიდენტი სააკაშვილი და ნიკა გვარამია, ამიტომ მე მეტიც, მივესალმები ამ ინიციატივას და ვფიქრობ, რომ ეს აქცია იქნება ზეპარტიული, ეროვნული დღე 9 აპრილი, როცა ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი ევროპული მომავლისთვის, კიდევ, ერთხელ ურყევად უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და ერთმანეთი არ დავტოვოთ მარტო. წარმოუდგენელია, ეს ახალგაზრდა ადამიანი მივატოვოთ და არ ვიბრძოლოთ მისი თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.