მნიშვნელოვანია, სააკაშვილმა თვითდესტრუქცია შეწყვიტოს , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას გამოეხმაურა.
ჩიქოვანი ამბობს, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა და ამას ხელს უწყობს მისი ოჯახიც.
"ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მთავარ პრობლემას წარმოადგენს თვითდაზიანება, რომელსაც ეწევა და ყველა მის ირგვლივ, მათ შორის, საკუთარი ოჯახი ხელს უწყობს ამას.
მე საექიმო დასკვნებში ვერ ჩავერევი ნამდვილად, არ მაქვს ამის კვალიფიკაცია, მაგრამ არაერთხელ მოვისმინეთ განცხადებები იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იღებს შესაბამის კალორაჟს. მნიშვნელოვანია, რომ მან შეწყვიტოს თვითდესტრუქცია", - განაცხადა ჩიქოვანმა.
სახალხო დამცველის კონსილიუმი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას აქვეყნებს.
როგორც დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე , მე-4 სტადია, გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას.