[მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გაუარესებულია, ამაზე ყველა ექიმი საუბრობს, მაგრამ მნიშვნელოვანია ვთქვათ, რა არის მიზეზი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, რაც სჭირდება სააკაშვილს მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ყველაფერზე ხელი მიუწვდება, ინფორმაციაც მიწოდებული აქვს, თუმცა არ თანხმდება რეკომენდებული მკურნალობის კურსი გაიაროს, რაც აუარესებს მის ჯანმრთელობას.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა შედგება გარკვეული მახასიათებლებისგან, ამ რამდენიმე მახასიათებლიდან არის კიდევ რამდენიმე, რომელიც რეალურად არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია და მე მგონია, რომ მაინც და მაინც კონსილიუმის დამატებით მისვლა და ამის თქმა, საჭირო არ არის, რადგან ამის თაობაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, მე მგონია, რომ ყველა ექიმი საუბრობს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ვთქვათ, რა არის მიზეზი. მე მგონია, რომ ეს არის მთავარი საკითხი, რომელსაც პასუხს უნდა სცემდეს კონსილიუმი. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რით არის გამოწვეული და ამით ავხსნათ, მათ შორის, ეს ხომ არ არის მაგალითად პენიტენციური სისტემის მხრიდან უფლების დარღვევა, თუ ეს არის თვითდაზიანება, რაზეც ვსაუბრობდით. ამდენი ხანია განსხვავებული ვერსია, რა არის მიზეზი წონის კლების და იმ დიაგნოზების დასმის არც გაჟღერებულა. ვიდრე კონსილიუმი არ ისაუბრებს, რა არის რეკომენდირებული, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, არ ვიცი რამდენად აზრი აქვს, ასეთი დიაგნოზების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას", - განაცხადა სარჯველაძემ.
სახალხო დამცველის კონსილიუმი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას აქვეყნებს.
როგორც დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე, მე-4 სტადია, გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას.