არავის სჭირდება ხელისუფლების მიმართ მოწოდება რომელიმე პატიმრის, მათ შორის ამ კონკრეტული პატიმრის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით - მისი უფლებები დაცულია და არავითარი ყალბი განგაშის ზარების შემოკვრის საჭიროება ობიექტურად არ არსებობს! - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს ლაზარე გრიგორიადისის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
სარჯველაძის აზრით, "სამართლებრივი არგუმენტების არარსებობის პირობებში ადამიანის განდიდება და გმირად გამოყვანა დაიწყეს იმ საქციელისთვის, როგორიცაა მოლოტოვის კოქტეილის სროლა".
სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ ამის გადასაფარად ადგილი აქვს მცდელობას, რომ ეს კაცი მსხვერპლის მანტიით შემოსონ.
"შეუძლებელია მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის ადამიანი გმირად გამოაცხადო. დღეს ჩემი რამდენიმე კოლეგა ამ პიროვნებას მადლობას მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის უხდიდა, რაც მთელი საზოგადოებისთვის მიუღებელია. თუ ვიღაცას შეეშალა ან შეიძლება ვიღაცის მოწოდებას აჰყვა, ეს არის ქმედება რაც დაუშვებელია, მიუღებელია და მას სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს.
რას ეუბნებიან საზოგადოებას?! - ადამიანი მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის იმავე სტატუსის უნდა გავხადოთ, რა სტატუსიც ჟიული შარტავს აქვს?", - განაცხადა სარჯველაძემ.