ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების მოხსენება საკმაოდ საინტერესოა, თუმცა გააჩნია კითხვას ვინ სვამს, ხოლო ინტერპრეტაციები ათასგვარია, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
ვოლსკის აზრით, მოხსენება გამოყენებულია გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და „ამის იქეთ რაიმე საქმიან წინადადებებს, შენიშვნებს და მოსაზრებებს ოპონენტები ვერ ხედავენ".
„ლაპარაკია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა სათანადო მკურნალობა უნდა მიიღოს და თუ საჭიროა, ექიმების ჯგუფი საერთაშორისო დონეზე უნდა იყოს შეკრებილი. რასაკვირველია, ეს მისაღები და სწორია. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან მზადყოფნა გამოხატულია. არის გარკვეული შენიშვნები, მაგრამ მთავარი თემა არის ის, რომ ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა გარკვეულ საკითხებზე ერთად უნდა იმუშაოს. ის, რომ ამ ერთად მუშაობას წინაპირობა არ გააჩნია და ყველაფერი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ გადაყვანილია დესტაბილიზაციის სცენარზე, ეს თემა თითქოს ამ მოხსენებაში არ არსებობს. სამწუხაროა, რომ ამას ვერ ხედავენ. მოხსენება გამოყენებულია გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციებისთვის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.