სპორტის სფეროში დოპინგის გამოყენების აღკვეთის მიზნით „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონის პროექტი, რომელიც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მოამზადა, დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ საკითხებს აწესრიგებს. კერძოდ, განისაზღვრება დოპინგთან ბრძოლის ერთიანი მექანიზმები, ასევე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოებისა და სპორტული ორგანიზაციების ვალდებულებები.
კანონპროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათის თანახმად, სტატისტიკითა და ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველოში სპორტსმენების მიერ დოპინგის მოხმარება აქტუალურია, რის გამოც დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის გადახედვა და საკანონმდებლო დონეზე სამართლებრივი რეგულაციების შექმნა საჭირო გახდა.
ინიციატორები აღნიშნავენ, რომ დოპინგის გამოყენება ხელს უშლის სამართლიან სპორტულ შეჯიბრს, რადგან ეწინააღმდეგება სპორტის არსს, რომლის მთავარი იდეა სამართლიანი თამაშია.
„დღევანდელ ვითარებაში დოპინგის გამოყენებასთან ბრძოლა სპორტის სფეროსთვის უფრო და უფრო დიდი გამოწვევა ხდება როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დარგს, აფერხებს მის განვითარებას, ლახავს სპორტისა და სპორტსმენთა ავტორიტეტს და ხელს უშლის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და სპორტსმენების შესაძლებლობების განვითარებას. ასევე, უსამართლო უპირატესობის მინიჭებით, კეთილსინდისიერ სპორტსმენებს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს, რაც მათი მოტივაციის ნაკლებობას იწვევს. გარდა ამისა, ამცირებს სახელმწიფოსა თუ კერძო მხარდამჭერთა მიერ დახარჯული მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის მიზნობრიობასა და ეფექტურობას.
დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა სპორტული შეჯიბრებების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან ერთად, არის სპორტის მთლიანობის ერთ-ერთი ძირეული კომპონენტი, ხოლო დოპინგის გამოყენება - სპორტის მთლიანობისთვის ერთ-ერთი უპირველესი საფრთხე.
საქართველოში დოპინგთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე მიუთითებს 2010-2021 წლებში სპორტსმენთა მიერ დოპინგის მოხმარების სტატისტიკა. მითითებულ პერიოდში სულ სანქცირებული იყო 42 ქართველი სპორტსმენი - მათ შორის არის 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი თავისუფალ ჭიდაობაში და 2018 წელს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი. ასევე, აღსანიშნავია, რომ დოპინგის გამოყენების გამო, 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან მოიხსნა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი მძლეოსნობაში და სანქციად განესაზღვრა 8-წლიანი დისკვალიფიკაცია“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.