თუ ქვეყანაში ბევრი 7-8 მარტი, ბევრი 20 ივნისი იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხერხდება ამ რეჟიმის უკანდახევა, - ეს განცხადება პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ გააკეთა.
როგორც ქარდავამ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან 7-8 მარტის აქტივისტების წინააღმდეგ დაწყებული დევნა ცალსახად მეტყველებს, რომ მმართველმა ძალამ ვერაფერი შეიგნო და კვლავაც ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ერთგული რჩება.
ქარდავას თქმით, „რუსეთიდან მართულმა ხელისუფლებამ მისსავე ქმედებებით დაადასტურა, რომ ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის უკან წაღებით არა თუ შეცდომა გაიაზრა, არამედ მხოლოდ ტაქტიკური უკუსვლა განახორციელა და საღ აზრს მოწყვეტილი, რუსული ინტერესების გამტარებლად გვევლინება".
„ხელისუფლება აქციის აქტივისტების წინააღმდეგ მოქმედებით ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ერთგული რჩება. ხელისუფლება აქციის მასშტაბურობით შეშფოთებულია და ამ ვითარებაში მათი ქმედებები არაადეკვატურია. რუსეთის ინტერესებით მართული ხელისუფლება კვლავ ამ ინტერესების შესაბამისად იქცევა. ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უკან წაღება მხოლოდ ტაქტიკური უკანდახევა იყო. სხვა არაფერზე მეტყველებს ის, რასაც აქტივისტების წინააღმდეგ აკეთებენ. ახლა ცდილობენ კონტრშეტევას იმ ადამიანების მიმართ, ვინც რუსთაველის გამზირზე სამართლიანი პროტესტი გამოხატა.
საქართველოს ხელისუფლება ანტიევროპული, პრორუსული და ანტიქართული ქმედებების ერთგულია. ეს კი მოწმობს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა გამართლებულია როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ და ის, რისიც ბიძინა ივანიშვილს შეიძლება შეეშინდეს, არის მუდმივი, რადიკალური და მწვავე "პრესინგი" ქუჩიდან", - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ