პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ბუჩუკურის განცხადებით, ხელისუფლება პოლარიზაციის შემცირებას არ ცდილობს.
ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა დადებითად შეაფასა და განმარტა, რომ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი როლი აკისრია კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში.
„სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი ოფიციალურ თბილისში, რომელიც ღირსეულად პოზიციონირებს. რაც შეეხება მასთან კონსულტაციებს და კომუნიკაციას, ეს კომუნიკაცია არც გაგვიწყვეტია ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ და ისედაც, კომუნიკაცია ხშირად გვაქვს. ბოლო პერიოდშიც გვქონდა კომუნიკაცია. აუცილებლად გავაგრძელებთ მასთან კომუნიკაციას, რადგან მიგვაჩნია, ქალბატონ სალომეს მნიშვნელოვანი როლი აქვს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე სწორად და ღირსეულად პოზიციონირებს.
ანა ბუჩუკურის განმარტებით, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუს, ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
„ხელისუფლება პოლარიზაციის შემცირებას არათუ ხელს არ უწყობს, არამედ პირიქით, აღვივებს“,- განაცხადა ბუჩუკურმა.
ამასთან, მან პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანის ინსტრუმენტიზებას ორივე მხარე ახდენს, ხელისუფლებაც და ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც.
„რეალურად, ვიღებთ სურათს, როდესაც ამ ახალგაზრდა ბიჭზე არავინ ზრუნავს. როდესაც გამოდიან და ამბობენ, „მოლოტოვის კოქტეილი“ არ უნდა ესროლაო“, ამ ადამიანს უდანაშაულობის პრეზუმფცია აქვს. ამით ამ ადამიანს არ ეხმარებიან, პირიქით“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
მისი შეფასებით, ხელისუფლება საკითხის დემონიზებას ცდილობს, რომ შემდეგ ინსტრუმენტად გამოიყენოს.
„ხელისუფლების მავნებლობა არის ის, რომ სანამ ლაზარეს საერთოდ იპოვიდნენ, პრემიერმა ღარიბაშვილმა ახალგაზრდებს სატანისტები უწოდა. პირველივე დღიდან „ქართული ოცნება“ ცდილობს ამ პროცესების დემონიზება მოახდინოს, ასევე მარტის აქციების „გაშავებას“, იმ ახალგაზრდების, რომლებმაც უფლება არ მისცეს ხელისუფლებას რუსული კანონები მიეღოთ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.