„ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება სიგნალია ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში "ქართული ოცნების" მიმართ ნდობა საბოლოოდ ამოიწურა.
ხაზარაძის განცხადებით, აშშ-ს მიერ მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის დასანქცირება „განაჩენია“ არა მარტო ამ მოსამართლეებისთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც.
„აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება განაჩენია არა მარტო მათთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში საბოლოოდ ამოიწურა ნდობა "ქართული ოცნების" მიმართ.
დემოკრატიის უკუსვლას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, ოპონენტების დევნას, მედიის შევიწროებასა და, საბოლოო ჯამში, რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის გადაყვანას, არც ქართველი ხალხი აპატიებს ვინმეს და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“,- წერს მამუკა ხაზარაძე "ფეისბუქზე".
ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.