ხათუნა სამნიძე მოსამართლეთა სანქცირებაზე - დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი, ვისთვისაც სერიოზული სიგნალი და გზავნილია, კარგად დაინახავს, რომ ეს არის დასაწყისი

მე დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი, ვისთვისაც ყველაზე სერიოზული სიგნალი და გზავნილია ეს, ძალიან კარგად დაინახავს, რომ ეს არის დასაწყისი, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან ეს ნაბიჯი გადადგმულია იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თვალი გაუსწოროს სიმართლეს და იზრუნოს ქმედით ნაბიჯებზე სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის.

„პირველ რიგში, უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, ყველაზე ძლიერი და ერთგული მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდში უდგას ამ ქვეყანას, როდესაც გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა და ინსტიტუცია, რომელსაც იყენებს ბიძინა ივანიშვილი სწორედ პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის, ეს არის სასამართლო, რომელიც "კლანით" არის წარმოდგენილი და რომელიც არ არის დამოუკიდებელი არცერთ ეტაპზე.

მე მინდა, ასევე, მადლობა ვუთხრა ყველა იმ მებრძოლ ადამიანს, ორგანიზაციას, რომელიც დიდი ხანია კონკრეტულ საქმეებს იძიებს, იკვლევს და აწვდის ჩვენს პარტნიორებს ამ კორუმპირებულ მოსამართლეებზე და ვიცით ჩვენ ასეთი ადამიანები. პირველი, ვინც მახსენდება, ეს არის ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის სასამართლოს სისტემის გაუმჯობესებაზე. ადამიანები იბრძოდნენ არა მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში, არამედ წინა ხელისუფლების პირობებშიც, რადგან ვიცით, რომ ეს პრობლემა რომელიც სულ უფრო ღრმავდებოდა წლიდან წლამდე, იწყება წინა ხელისუფლების პირობებში და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ეს იყო მათი ერთ-ერთი სერიოზული შეცდომა, როდესაც არ იზრუნეს დამოუკიდებელი სასმართლოს შექმნაზე.

ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც მოხდა დღეს. აშშ-მ ბევრი მეთოდი, ენა, დიპლომატია გამოიყენა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის დროს. ახსენებდა ყველა ჯერზე, რომ შეერთებული შტატები არის ჩვენი პარტნიორი, და ისინი ხედავენ ქვეყანას ევროპისა და ევროატლანტიკურ სივრცეში და ამისთვის ისინი თხოვდნენ, კონკრეტულ ფინანსებს და ექსპერტულ რესურსს დებდნენ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში გაუმჯებესებულიყო სასამართლო სისიტემა. „ქართულმა ოცნებამ“ არათუ თვალი გაუსწორა ამ სიტუაციას, ის დაუპირისპირდა ჩვენს პარტნიორებს ძალიან ბევრჯერ იმის გამო, რომ ჩვენი პარტნიორები ითხოვდნენ ამ ქვეყანაში ადამიანის დაცულობას“, - განაცხადა სამნიძემ.

კითხვაზე, შეეცდება თუ არა მმართველი ძალა, რომ "გადაეფაროს სანქცირებულ მოსამართლეებს" და ამგვარად შევიდეს კონფრონტაციაში სტრატეგიულ პარტნიორებთან, სამნიძემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ამისი რესურსი არ აქვს.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაგვიცავს და როგორ ვითანამშრომლებთ და როგორი იქნება პარტნიორობა ჩვენსა და ამერიკას, ჩვენსა და ევროპას შორის. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია ამ ყველაფერს გამოგლიჯოს საქართველო და იმის იმედად იყოს, რომ ცალკე აღებული ან რუსეთისკენ შებრუნებით რამეს მიაღწევს ან ამას დაუმალავს ქართულ საზოგადოებას. ამ სანქციების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ დაბნეული იქნება, მე მაქვს მოლოდინი, რომ აგრესიულიც შეიძლება გახდეს ხვალ და მოვისმინოთ აგრესიული განცხადებები. მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი, ვისთვისაც ყველაზე სერიოზული სიგნალი და გზავნილია ეს, ძალიან კარგად დაინახავს, რომ ეს არის დასაწყისი“, - განაცხადა სამნიძემ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა