ძალიან მაგარი ამბავია! დიდი მადლობა აშშ-ს! - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს დღე დადგა!, - ასე ეხმაურება ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის დასანქცირებას.
როგორც ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოში აუცილებლად იქნება კლანური მმართველობისგან თავისუფალი სასამართლო.
„სასწაული ხდება ჩემს „ინბოქსში“, ხალხი მე მილოცავს მოსამართლეების დასანქცირებას. მეც გილოცავთ მეგობრებო, ვისაც ეს გაგიხარდათ.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს დღე დადგა!
საქართველოში აუცილებლად იქნება კლანური მმართველობისგან და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სასამართლო!“, - წერს ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.