მე თვითონ ვნახე მიხეილ სააკაშვილი, გამოვკითხე მდგომარეობა და ჩავუტარე გარკვეული სამედიცინო ტესტები. ვფიქრობ, რომ ამ ტესტების მიხედვით, მას ღრმა დეპრესია აქვს , - ამის შესახებ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის წონის კლება დაკავშირებულია პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობასთან.
„იმაზე მეტს რაც ვთქვით პაციენტზე ვერ ვიტყვით. ჩვენ არ ვართ პაციენტის [მიხეილ სააკაშვილი] მკურნალი ექიმი, ჩვენ ვართ მონიტორინგის როლის შემსრულებლები.
ამ დასკვნაში ახალი არის ის, რომ გაუარესდა წონის კლება და გაუარესდა კიდურების გარშემოწერილობა და ეს მიდის კრიტიკულ ნიშნულამდე.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიზეზი არის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ან დეპრესია, ან ადაპტაციური აშლილობა.
ჩვენ ვთვლით, რომ პაციენტს დეპრესია აქვს იმ გარემოების გამო, რომელიც მის გარშემო შეიქმნა. უცხოეთში ეს გარემოება არ გაჰყვება. ბადრაგი, ციხე არ გაჰყვება უცხოეთში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა ტრავმა მიიღო“,- განაცხადა წულაძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძირითადად მოწყენილია და სხვებთან არ შედის კონტაქტში.
„მე თვითონ ვნახე პაციენტი. გამოვკითხე მდგომარეობა და ჩავუტარე გარკვეული სამედიცინო ტესტები. ვფიქრობ, რომ ამ ტესტების მიხედვით, მას ღრმა დეპრესია აქვს.
ხშირად ვეკითხებით, პაციენტთან ახლოს მდგომს თუ როგორ გამოიყურება პაციენტი. ძირითადად არის მოწყენილი, თავისთვის ზის, არ შემოდის კონტაქტში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ მონაცემებს“, - განაცხადა წულაძემ.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა საქართველოში ჩამოსული უცხოელ ექიმთა კონსილიუმი რამე რადიკალურ ცვლილების შეტანას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, წულაძე პასუხობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ფსიქიატრიული თუ ფსიქოლოგიური ინტერვენცია, ვიდრე „კონსილიუმის ექიმების თვეში ერთხელ ვიზიტი“.
„ეს რეალობას მოკლებულია. მკურნალობა ნიშნავს პაციენტთან ყოველდღიურად ყოფნას, მორიგეობას. ექსპერტი რომ ჩამოვა, ერთხელ გასინჯავს, ეს არ არის საკმარისი. საათობით უნდა ხდებოდეს ფსიქოთერაპია. სულ პალატაშია, იქიდან არ გამოდის. პალატის ფანჯრებიც არ არის გამჭვირვალე.
ასე, ჩვენს კონსილიუმშიც არიან უცხოეთში განათლება მიღებული ექიმები. ჩვენ მკურნალ ექიმად უნდა ჩამოვიყვანოთ ვიღაცა. საავადმყოფო არ არის მარტო ექიმი, საავადმყოფო არის სტრუქტურა და ამ სტრუქტურის ნაწილი უნდა გადმოიტანო და ამ სტრუქტურაში ჩასვა“,- განაცხადა წულაძემ.