არჩილ თალაკვაძე აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირებაზე - სამწუხაროა, ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები, მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს

სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები, მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ვგულისხმობ,- ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის გადაწყვეტილება ოთხი ქართველი მოსამართლისათვის სანქციების დაწესების შესახებ.

როგორც თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნა, იმ პერიოდში, როდესაც სანქცირებული მოსამართლეები სასამართლო სისტემაში მუშაობდნენ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გარკვეული კრიტერიუმები, მათ შორის შემცირდა ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები.

„თქვენ იცით, რომ სასამართლო, ისევე როგორც სხვა დემოკრატიული ინსტიტუტები, ფასდება ობიექტური კრიტერიუმებით. დღეს დაასანქცირეს ოთხი მოსამართლე, ვიზების შეზღუდვა დაუწესეს მათ და ოჯახის წევრებს.

რა ხდებოდა სასამართლო სისტემაში, რომელშიც ეს ადამიანები მუშაობდნენ? - თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ ოთხიდან ერთი, ბატონი ცერცვაძე უკვე საკმაოდ დიდი ხანია აღარ არის სასამართლოში და დანარჩენი სამი მოსამართლე იერარქიულადაც სხვადასხვა პოზიციებზე არიან. რა ხდებოდა ამ წლების განმავლობაში, როცა ეს მოსამართლეები მუშაობდნენ სასამართლოში - პირველი, სასამართლოში დაბრუნდა ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის დავებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები როცა სახელმწიფოსთან დავობენ, მოქალაქეებიც და სახელმწიფოც თითქმის თანაბრად იგებენ საქმეებს. სახელმწიფო კი აღარ ჩაგრავს სასამართლოში 99%-ის შემთხვევაში, როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების დროს, არამედ არის გონივრული ბალანსი, სადაც მოქალაქეებიც ამტკიცებენ თავის სიმართლეს, როცა ეს მათ მხარესაა და სახელმწიფოც ამტკიცებს თავის სიმართლეს, როცა ეს არის. ეს აშკარაა და ამის უგულებელყოფა შეუძლებელია და ეს იცის ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.

მეორე, ევროსასამართლოში 60%-ით შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეები თავის სასამართლოში პოულობენ სამართალს დიამეტრალურად მეტ შემთხვევაში, ვიდრე ეს იყო როდისმე წინა ხელისუფლების დროს, გნებავთ, წინა ორი ხელისუფლების დროს...

და მესამე, რეზონანსული საქმეები, პოლიტიკურად მოტივირებულს რომ უწოდებს ოპოზიცია, მაღალი საჯარო ინტერესის საქმეები, ეს ეხებოდა მედიასთან დაკავშირებულ დავებს, ეს ეხებოდა აქციებთან დაკავშირებულ დავებს, ეს ეხებოდა ასევე სპეცოპერაციებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, ამ საქმეებზე ევროსასამართლომ მიიღო გადაწყვეტილებები და დაადასტურა ქართველი მოსამართლეების და საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები“,- განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, სანქცირების ისტრუმენტის გამოყენება "არ არის სამართლიანი" და საკითხს "სეროზულად განიხილავენ".

"რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით ასეთი ინსტრუმენტის გამოყენება და ვიტყოდი, კატეგორიულად მიუღებელიც არის, როდესაც მოსამართლეებს ასანქცირებენ, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის არის ასეთი მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობები, პარტნიორობა. ამას სჭირდება ძალიან სერიოზულად განხილვა. ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ, რა საკვირველია, არ არის ეს მარტივი თემა და არ არის ეს მით უმეტეს სახუმარო და საქილიკო, როგორც უკვე ვნახეთ რადიკალური ოპოზიცია ცინიკურად გამოეხმაურა არაერთ შემთხვევაში", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ