შემეცოდა, კეზერაშვილი ძალიან შემეცოდა და შეიძლება ვაპატიო ამ შეცოდების გამო წარსულში ჩადენილი დანაშაულები. აღარც ჯარის ძარცვა მაინტერესებს და აღარც ბიზნესის რეკეტი. ძალიან საცოდავი კაცია, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ „ფორმულასთან" ინტერვიუს დროს გაკეთებულ განცხადებას, რომ ხელისუფლება მის ბიზნესებს სხვადასხვა ქვეყნებში პრობლემებს უქმნის.
ასევე, ირაკლი კობახიძის თქმით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ჩადენილი დანაშაულებებისა დავით კეზერაშვილი ნებისმიერ ქვეყანაში დადის იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველი მოსამართლეები დაასანქცირა.
„მან აღიარებითი ჩვენება დადო, რომ არის ოლიგარქი. ვაფინანსებ პარტიებსო, მედიასო და სამოქალაქო ორგანიზაციასო. ამაზე მეტის თქმა არც ღირს ამ კაცზე, მაგრამ ერთი რამ მნიშვნელოვანია, მას აქვს თავისუფალი მიმოსვლის საშუალება სხვადასხვა ქვეყანაში და ეს არის საყურადღებო იმ პირობებში, როდესაც გვისანქცირებენ აქ მოსამართლეებს. სახელმწიფო სისტემის ელემენტია ხომ თითოეული მოსამართლე და ამ ფონზე კეზერაშვილი დასეირნობს ნებისმიერ ქვეყანაში ჩადის, როდესაც ყველამ იცის მისი დანაშაულები: ჯარი გაძარცვა, ბიზნესის რეკეტი და ახლა ჩართულია ევროპელი პენსიონერების ძარცვაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედთან".