ბერდია სიჭინავა - სიმბოლურია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლემ საქართველოში უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი

სიმბოლურია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლემ საქართველოში უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები მიიჩნევენ, რომ დასანქცირებული მოსამართლეები უნდა გადადგნენ თანამდებობიდან, ამასთან, პარლამენტმა უნდა მიიღოს ცვლილებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების ე.წ. ორმაგი 2/3-ის პრინციპით მიღებასთან დაკავშირებით და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა.

„ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება „სასამართლოს კორუფციული სინდიკატის“ წევრების დასანქცირებასთან დაკავშირებით, არის პირდაპირი გზავნილი, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, ამ პერსონებს, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეების და ქართული სახელმწიფოს წინაშე ეკისრებათ. ჩვენი ნებისმიერი მოქალაქის მიმართ სანქციების დაწესება, რა თქმა უნდა, არავისთვის წარმოადგენს პოზიტიურ, სასიხარულო ინფორმაციას, ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი და რეპუტაციული ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მეგობრის და სტრატეგიული პარტნიორის - შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, სწორედ ჩვენი მოქალაქეების დაცვას და მხარდაჭერას, სასამართლო სისტემაში მომუშავე კეთილსინდისიერი, ღირსეული მოსამართლეების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, ქვეყანაში დემოკრატიის და ჩვენი მომავლის გადარჩენას ემსახურება. ჩვენი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებს „ოცნების“ ხელისუფლებას, აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე. ახლა არ არის ემოციური რეაგირებების დრო, გონივრული პოლიტიკის გატარებაა აუცილებელი. ყველაზე მნიშვნელოვანია, საფრთხე არ შეექმნას ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს, ხელისუფლებამ მომდევნო, ირაციონალური, ვიწროპარტიული ინტერესებით ნაკარნახები ნაბიჯებით, კიდევ უფრო არ დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები. ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, საწყის ეტაპზე გადაიდგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, კერძოდ: შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეები გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან; საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ჩვენ მიერ დაინიცირებული ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების ე.წ. ორმაგი 2/3-ის პრინციპით მიღებასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც წარიმართება ინკლუზიურად, ყველა დაინტერესებული აქტორის ჩართულობით. ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დამაზიანებელი რიტორიკის ნაცვლად, კონცენტრირდეს ჩამოთვლილ საკითხებზე და მოახდინოს მათზე მყისიერი რეაგირება!“ - განაცხადა სიჭინავამ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა