ვერ დადგები ირაკლი ცალ ფეხზე იმიტომ, რომ შენ უკვე მუხლებზე დგახარ რუსეთთან, - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მოსამართლეთა სანქცირებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
როგორც მან აღნიშნა, ეს არის გაფრთხილება "ქართული ოცნებისთვის" და ის ამ სანქციების მთავარი სამიზნეა, რადგან მოსამართლეები საჯარო უფლებამოსილების კერძო ინტერესებისთვის გამოყენებისთვის დაასანქცირეს, "ხოლო მმართველი გუნდი სწორედ კერძო ინტერესებისთვის იყენებს საჯარო უფლებამოსილებას".
„ეს არის ბოლო დიდი სიგნალი „ქართული ოცნებისთვის", რომ ამერიკა არ და ვერ შეეგუება იმას, რომ ქვეყანაში იყოს ანტიდემოკრატიული რეჟიმი და არაფორმალური მმართველობა. აქვე მინდა კობახიძეს და "ქართული ოცნების" პროპაგანდისტებს ვუპასუხო, დაიხვიეს გიორგი ბურჯანაძის გამოსვლა და ამბობენ - "ჩვენ ცალ ფეხზე არ დავდგებით, ჩვენ ცალ ფეხზე არ დავდგებით", ვითომ ვინმემ მოსთხოვა ცალ ფეხზე დგომა. ვერ დადგები ირაკლი ცალ ფეხზე იმიტომ, რომ შენ უკვე მუხლებზე დგახარ რუსეთთან და რომც მოინდომო ცალ ფეხზე ვერ დადგები. ბურჯანაძემ თქვა, რომ თუ საქართველოს დაჭირდება ცალ ფეხზე დავდგებიო, არავის არ უთქვამს ღირსების შემლახველად ეს და "ქართულ ოცნებას" ვეტყვი, რომ ვერ დადგებიან ცალ ფეხზე, დიდი ხანია თავდახრილები მუხლებზე დგანან, რუსეთთან.
უკიდეგანოა კობახიძის ფანტაზია, მისთვის მთავარია ივანიშვილის ინტერესების როგორმე გატარება. მორალური, პოლიტიკური, ადამიანური საფუძვლები აქვს მოშლილი, პიროვნულად არ შევეხები, არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ განცხადება, რომ ეს სანქციებზე გადაწყვეტილება კორუფციული გარიგების შედეგი შეიძლება იყოს, რაზე ვლაპარაკობთ, რომ ამერიკული სპეცსამსახურები საქმის კურსში არ არიან, რა ხდება და რაღაც კორუმპირებულმა ჯგუფმა მოახერხა ენტონი ბლინკენის შეცდომაში შეყვანა?! კობახიძე ცდილობს მოდელირებული რეალობა შექმნას, რომ თითქოს საქართველოში ყველაფერი რიგია და ეს არის კორუმპირებული სისტემის ბრალო, რომელშიც აშშ- ის სახელმწიფო სტრუქტურებია ჩართული,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება სატელეფონო ზარებს, რომელიც კობახიძემ ახსენა, მანჯგალაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ყველას უსმენს, მათ შორის, ელჩებს და მისთვის არანაირი დიპლომატიური პროტოკოლი და მორალური შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა, ბუნებაში ვერ იარსებებს ჩანაწერი, რომლითაც აშშ- ის დისკრედიტაციას შეძლებენ და "ეს არის ირაკლი კობახიძის ბოდვა".