„ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება კარგად გააზრებული და დროული გადაწყვეტილებაა, რადგან „ქართული ოცნების“ მიერ სასამართლოს დაქვემდებარება ყველა ზღვარს გადასცდა“.
როგორც ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა.
„უნდა გვესმოდეს, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. 2021 წელს, როდესაც შეერთებულ შტატებში ვიყავით შეხვედრებზე, მაშინაც განიხილებოდა ეს თემა. შეერთებულმა შტატებმა ეფექტიანად გამოიყენა სანქციების ინსტრუმენტი ბულგარეთში კორუმპირებული მოსამართლის და სასამართლო კლანის ხელმძღვანელის მიმართ, რამაც დადებით შედეგი მოიტანა. ამერიკელები, ცხადია, გადაწყვეტილებას აწონილ-დაწონილად, ყველა ფაქტის შეგროვების შემდეგ იღებენ, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების უკან დიდი ხნის მუშაობაა. ეს არის კარგად გააზრებული გადაწყვეტილება, რაც მთავარია დროული, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მართულმა სასამართლომ სასამართლო ინსტიტუცია ფარსად გადააქცია. სასამართლო გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ ოპონენტების მიმართ გაუგონარი თავხედური ბუნების მატარებელია, ყველა ზღვარს გადასცდა სასამართლოს დაქვემდებარება „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის მიერ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მოსამართლეების დასანქცირება უზარმაზარი შემზღუდავი სისტემაა, რომელიც ბევრ რამეში იჩენს თავს.
„მთელ მსოფლიოში ამ ადამიანების გვარები შეტანილია შესაბამის რეესტრებში, როგორც ადამიანები, რომლებიც შეერთებული შტატების მთავრობის მიერ აღიარებული იქნენ როგორც კორუმპირებული მოსამართლეები, შესაბამისად, ეს არის უზარმაზარი შემზღუდავი სისტემა, რომელიც ძალიან ბევრ რამეში იჩენს თავს. შედეგები, ეტყობა, კარგად არ აქვს გაცნობიერებული მურუსიძეს, ან გაცნობიერებული აქვს, მაგრამ ეს არის რეაქცია, რომ როგორმე თავის თავი გაიმხნეოს და გაამხნეოს ის ადამიანებიც, ვისზეც სანქციები გავრცელდა. ეს არის ყველა თვალსაზრისით ძალიან მძიმე ზომა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა აბსოლუტურად ადეკვატურად და სამართლიანად. ეს ადამიანები თავიანთ ზურგზე იგრძნობენ ამ სანქციების სიმწვავეს, ეს გავრცელდა მათი ოჯახის წევრებზეც, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ანალოგიური სანქციები არ ასცდებათ. რეპუტაცია არის ერთი, მაგრამ აქ სხვა შეზღუდვებია. ამ ადამიანებს რეპუტაცია ნაკლებად აღელვებთ, რომ აღელვებდეთ, კლანის წევრები არ იქნებიან. მათი ძალაუფლება და გავლენა შეირყა. ეს არის მკაფიო გზავნილი, რომ ანალოგიური სანქცია გავრცელდება ყველა იმ მოსამართლეზე, რომელიც განახორციელებს ანალოგიურ საქმიანობას, რასაც ეს ადამიანები ახორციელებენ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
გარდა ამისა, ჯაფარიძემ უპასუხა კითხვას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ „არსებობს თემები, მათ შორის სატელეფონო საუბრებში, თუ რას ითხოვდნენ ხელისუფლებისგან“.
ჯაფარიძე აღნიშნულს ბოდვას უწოდებს და ამბობს, რომ „კობახიძის განცხადებებს მისი თანაგუნდელების გარდა, სერიოზულად არავინ აღიქვამს“.
„ბოდვაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს არის ბოდვა, სხვა კვალიფიკაციას ვერ გავუკეთებ, მმართველი პარტიის თავმჯდომარეც შეიძლება ბოდავდეს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.