ამერიკა რომ დაგასანქცირებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთი ქვეყნების რიგში აღმოჩნდი, როგორიც რუსეთია, - ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ნოდია ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების საკითხს.
როგორც ნოდია განმარტავს, ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებისთვისაც გზავნილია.
„ძალიან სერიოზული გზავნილია დასავლეთისგან, კერძოდ, ამერიკის ხელისუფლებისგან, რომ ის არ აპირებს რაღაცნაირად შეიწყნაროს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კურსი, რომელიც მას ჩამოუყალიბდა და შეიწყნაროს დემოკრატიის სფეროში ის აშკარა უკან დახევა, რომელიც არსებობს. უკან დახევა სხვადასხვა სფეროში ვლინდება, მაგრამ სასამართლოს საკითხი, ტრადიციულად, განსაკუთრებით მწვავეა. ამერიკის ხელისუფლებაში გადაწყდა, რომ ეს გზავნილი უშუალოდ სასამართლო სისტემის მიმართ გაიგზავნოს. ეს უშუალო, პირდაპირ გავლენას შიდა სიტუაციაზე ვერ მოახდენს, მაგრამ ზოგად განწყობაზე მოახდენს. რაც შეეხება შიდა განწყობას, ხალხის განწყობას, „ქართული ოცნება“ ცდილობს შეინარჩუნოს ილუზია, რომ ის დასავლური ინტეგრაციის პოლიტიკას ახორციელებს, თან სხვა რაღაცებს აკეთებს. რაღაც ნაწილი არსებობს მისი მომხრეებისა, რომლებიც ამას იჯერებენ. თანდათან, ასეთი ხედვის ეროზია ხდება, სულ უფრო რთული ხდება ამის დაჯერება... ამერიკა რომ გასანქცირებს, ეს ნიშნავს, რომ ისეთი ქვეყნების რიგში აღმოჩნდი, როგორიც რუსეთია. ქვეყნისთვის და ქვეყნის იმიჯისთვის, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ რაღაცნაირად, ამავე დროს, ჩამოყალიბდა უკვე ეს განცდა, ეს ხედვა, საქართველოს გარეთაც და შიგნითაც, რომ ძალიან დიდი წყვეტაა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. საზოგადოება უდიდესი უმრავლესობით პროდასავლურია, ხელისუფლება არ გამოხატავს მის ამ განწყობას.
რაც შეეხება იმას, რომ ამერიკა ქართულ სასამართლოზე გავლენის მოხდენას ცდილობს, ფანტასტიკის სფეროა, მას ვერ ექნება ბერკეტები ქართულ სასამართლოზე გავლენის...ცხადია, ეს არის გზავნილი ივანიშვილისთვის, ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის, რომ დაინახონ - ჩვენ ამის შეწყნარებას არ ვაპირებთ. ამავე დროს, ეს ჩემი აზრით, გზავნილია „ქართული ოცნების“ მომხრეებისთვის და თუნდაც, სხვა წარმომადგენლებისთვის, რომ პოლიტიკურ საფლავში ნუ ჩაჰყვებით ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა ნოდიამ.
ის ასევე, გამოეხმაურა მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებას - „თუ აშშ-ში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და გადაუტანია“. როგორც ნოდია ამბობს, ხელისუფლება ახლა იხტიბარის არგატეხვის პოლიტიკას ატარებს.
„ეს ამ ადამიანებისთვის მტკივნეულია, შვილები სწავლობენ ამერიკაში ან უნდათ ისწავლონ, ევროპაში და ა.შ. ბებიას და ბაბუას შეიძლება არ უვლია, მაგრამ შვილებზე რა ვთქვათ? შვილებს უვლიათ. ეს ამ შემთხვევაში კონკრეტულ ადამიანებს ეხებათ, მაგრამ ზოგადად „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნებისთვისაც გზავნილია. ძალიან რთულია, მოლოდინი გქონდეს, რომ ადეკვატური ნაბიჯი იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმული, რომ ის მართლაც შეცვლის პოლიტიკას, ანუ მის ლიტონ სიტყვებს, რომ დემოკრატიული ხელისუფლებაა და პროდასავლური გეზი აქვს. ფანტასტიკის დონეზე რომ წარმოვიდგინოთ, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს პრობლემის აღიარება, კერძოდ, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და სასამართლო ქართველი მოქალაქეებისთვის იმედგაცრუების საგანია, ამავდროულად, მისი ასეთი მდგომარეობა საქართველოს საერთაშორისო იმიჯსაც ლახვარს სცემს და რაღაც რადიკალური, სერიოზული ზომებია გასატარებელი. საქართველოს ხელისუფლების რეაქცია ნებისმიერ კრიტიკაზე და ახლა უკვე გარკვეულ ნაბიჯებზე, რომელიც სასამართლოს, ან ნებისმიერ სხვა სფეროს ეხება, რაშიც პრობლემები გვაქვს, სრული უარყოფაა. ხელისუფლებას იხტიბარის არგატეხის პოლიტიკა აქვს - ყველაფრის უარყოფა“, - განაცხადა ნოდიამ.