სანქციები არის გზავნილი - ნუ ჩაჰყვებით „ქართულ ოცნებას" საფლავში, თორემ გასაქცევიც არ გექნებათ დასავლეთში, მურუსიძე - ჩინჩალაძეს ეს უთხრეს, რომ მხოლოდ ჩრდილოეთისკენ შეუძლიათ გაიქცნენ, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, როგორც პრორუსული კანონის უკან წაღება მოუწიათ, ისე მოუწევთ ამ სასამართლოს უკან წაღებაც.
"ეს არის გზავნილი ქართველი ბიუროკრატების, ქართული პოლიციის, ძალოვანი უწყებების მიმართ, რომ ნუ ჩაყვებით საფლავში "ქართულ ოცნებას", თორემ გასაქცევიც კი არ გექნებათ დასავლეთში, რადგან მურუსიძე - ჩინჩალაძეს ეს უთხრეს, რომ მხოლოდ ჩრდილოეთისკენ შეუძლიათ გაიქცნენ, ეს არის მესიჯი და ეს მხოლოდ ამ ოთხზე კი არ არის, ყველა იმ ადამიანისთვის არის, რომელიც საფლავში ჩაჰყვება "ქართულ ოცნებას."
ჩვენს მთავარ პარტნიორს და მთავარ გარანტს სტაბილურობის, უწევს მოსამართლეების დასანქცირება მაშინ, როცა ხელისუფლებაც კი ამ მოსამართლეების შეცვლის მოტივით შეიცვალა და წარმოიდგინეთ, რომ წინა ხელისუფლებიდან წამოყოლილი ნაგავი სასამართლოში დღემდე დარჩა და საბოლოო ჯამში ქვეყნის მომავლის განვითარებას უშლის ხელს. ვისაც ოდნავ საღი აზრი მაინც აქვს, ალბათ მიხვდება, რომ ეს პროცესი ასე არ დამთავრდება, საბოლოოდ ძირს გამოუთხრის სასამართლოს ლეგიტიმაციას. როდესაც მთავარი პარტნიორი ასანქცირებს მოსამართლეებს, არანაირი უფლება არ გააჩნიათ ქართველი ხალხი გაასამართლონ და ციხეში გაუშვან, ქართველი ხალხი არ არის მურუსიძე- ჩინჩალაძის გასასამართლებელი, ჩვენ არ უნდა ვიმეტებდეთ საკუთარ მოქალაქეებს ამ ჯალათებისთვის.
პირველ რიგში, სასამართლო სისტემიდან კლანის გაყრას მოითხოვდნენ (ამერიკელები) , რაზეც დავინახეთ, რომ "ქართულმა ოცნება" უარი თქვა, რადგან მასზე დგას მათი ძალაუფლება. "ქართული ოცნება" ათასგვარ ჭორებს მოიგონებს, რომ გაამყაროს თავიანთი სუსტი პოზიციები, მაგრამ მე მჯერა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის განწყობა პროამერიკულია და არა პრორუსული და როგორც პრორუსული კანონის უკან წაღება მოუწიათ, ისე მოუწევთ ამ სასამართლოს უკან წაღება.
განცხადებები, რომ სახელმწიფო მდივანს კორუფციაში "გასვრაში" ადანაშაულებენ, სასაცილოა, რადგან ვიცით "ქართულ ოცნებაში" რა ხდება ამ თვალსაზრისით. „ხალხო, მურუსიძე კი არაა ცუდი, ამერიკაა ცუდი" - ეს მგონი ბაღის ასაკის საკვებია და არა ზრდასრული მოსახლეობის", - განაცხადა ხვიჩიამ.