ეს უკვე არის სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისადმი და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისადმი, რომ თუ ის გააგრძელებს ბარიერების შექმნას და წინააღმდეგობას, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში, სანქციები პირდაპირ განხორციელდება მის მიმართ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც 4 მოსამართლისთვის აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის საკითხი დროისა და ტექნიკის საკითხია.
„ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა საგარეო ლეგიტიმაცია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის საკითხი დროისა და ტექნიკის საკითხია, თუმცა არც ილუზიებში ჩავარდნა იქნება სწორი. სწორედ ახლა გვმართებს ოპოზიციას გაერთიანება და გაათმაგებული მუშაობა როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ.
ეს უკვე არის სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისადმი და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისადმი, რომ თუ ის გააგრძელებს ბარიერების შექმნას და წინააღმდეგობას, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში, სანქციები პირდაპირ განხორციელდება მის მიმართ. არის შანსი, რომ თუ სრულიად არა (ვინაიდან სრული შესრულება ვერ მოხდება, რადგან რაც მიიღეს ისიც ნაწილობრივი იყო), ნაწილობრივი შესრულებაც ამ 12 რეკომენდაციის შეიძლება გახდეს საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ფაქტია, რომ ამ ხელისუფლების წასვლის შემდეგ ეს რეკომენდაციები და კიდევ უფრო მეტი, ჩვენი ახალი ხელისუფლების შესასრულებელი იქნება“, - განაცხადა გოცირიძემ.