ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ ის არის ყველაზე ძლიერი და ერთგული მეგობარი ჩვენი ქვეყნის - ახლა კი ჩვენი მანდატის ფარგლებში ჩვენი პასუხისმგებლობაა, გავაგრძელოთ დაწყებული საქმე და უკვე რეგისტრირებული კომისია შევქმნათ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს მიმართეს, სასამართლო სისტემაში კორუფციული ფაქტების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის კენჭსაყრელად რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს.
ამასთან, სამნიძე ოპოზიციას რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
„საგამოძიებო კომისია რეგისტრირებულია და ნებისმიერ დროს შეგვიძლია მისი კენჭისყრა. როგორც აღინიშნა, მთელი საპარლამენტო ოპოზიცია არის გაერთიანებული და მივმართავთ პრეზიდენტს, ჩაინიშნოს რიგგარეშე სხდომა მომავალი კვირის უახლოეს დღეებში, რათა რეგისტრირებული საგამოძიებო კომისია კენჭისყრაზე დადგეს.
ამერიკის შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ ის არის ყველაზე ძლიერი და ერთგული მეგობარი ჩვენი ქვეყნის. ახლა კი ჩვენი მანდატის ფარგლებში ჩვენი პასუხისმგებლობაა, გავაგრძელოთ დაწყებული საქმე და უკვე რეგისტრირებული კომისია შევქმნათ. ამაში თითოეული დეპუტატის პასუხისმგებლობაა. მოვუწოდებთ ოპოზიციაში მყოფ თითოეულ დეპუტატს, ვიყოთ რიგგარეშე სხდომაზე, შევქმნათ საგამოძიებო კომისია და შევისწავლოთ ის კორუფციული ფაქტები, რაზეც საუბარია სანქცირების წერილში“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ცნობისთვის, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს და პრეზიდენტს მომავალი კვირისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.
საუბარია პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისის თვეში ინიცირებული დადგენილების პროექტის დამტკიცებაზე, რომელიც სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტი პარლამენტში „რეფორმების ჯგუფმა“ დააინიცირა.