[პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა] ეს არის გზავნილი, პირველ რიგში, აშშ-ისთვის, რომ მათ ჰყავთ მტკიცე მოკავშირე ჩვენს ქვეყანაში ქართველი ხალხისა და დემოკრატიული ოპოზიციის სახით, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, სტრატეგიული მოკავშირეების პოზიცია დღეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
„ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ დღეს რაც მოხდა, ეს არის უპრეცედენტო ფაქტი. ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების პოზიცია დღეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ უპრეცედენტო უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. აქ ჩვენ ყველაზე უფრო გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების გვერდში დგომა და მხარდაჭერა. „ქართული ოცნება“, მათი კორუმპირებული სასამართლო კლანი საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იმიტომ, რომ ესეთ მინიმალურ ნიშნულზე ჩვენი ურთიერთობები, ხელისუფლების ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ისტორიულად არ ყოფილა. პირველად ხდება, რომ ასანქცირებენ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენელს. ჩვენ ვამბობთ, რომ, დიახ, ჩვენ, როგორც ხელისუფლების ოპოზიციური ნაწილი პარლამენტში, ჩვენს წარმომადგენლობით მანდატებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლება იცხოვროს უსაფრთხო გარემოში და ამისთვის გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები. ჩვენთვის ეს არის გზავნილი, პირველ რიგში, აშშ-ისთვის, რომ მათ ჰყავთ მტკიცე მოკავშირე ჩვენს ქვეყანაში ქართველი ხალხისა და დემოკრატიული ოპოზიციის სახით. ჩვენ არ ვაპირებთ უყურადღებოდ დავტოვოთ ის უკიდურესი შეშფოთება, რაც დღეს ვაშინგტონმა გამოხატა, როცა დაასანქცირა კონკრეტული მოქალაქეები. ამ კომისიის შექმნა შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი, რაც კი შესაძლოა განხორციელებულიყო ჩვენს პარლამენტში. მოვუწოდებ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, გამოიყენოს საკუთარი მანდატი საქართველოს მოქალაქეების დასაცავად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს და პრეზიდენტს მომავალი კვირისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.