საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.
როგორც ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, "უკვე დავინახეთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კონკრეტული რევანშისტული და დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისკენ არის გამოყენებული“.
"გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს კონკრეტული დასაბუთებები, ვინაიდან ეს ეხება ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს. ამგვარი გადაწყვეტილება ნეგატიური შინაარსის მატარებელია.
ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობის ძალიან მაღალი დონე გვაქვს, ვთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება ამ დონეს არ შეესაბამება. თან იმის გათვალისწინებით, რომ ამ თანამშრომლობის საფუძველზე არაერთი კარგი შედეგი დავდეთ არა მარტო საქართველოსთვის, არამედ გლობალური უსაფრთხოებისთვის.
ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, ამ შემთხვევაში ხელს უწყობს პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას. უკვე დავინახეთ, რომ ეს გადაწყვეტილება კონკრეტული რევანშისტული და დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან გამოყენებულია, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს პოლარიზაცია. ძალიან მნიშვნელოვანია გაჟღერდეს საფუძვლები, რას ეყრდნობოდა ეს გადაწყვეტილებები. რაც შეეხება შემდეგ მოქმედებებს, ჩვენ გვექნება კონსულტაცია გუნდში, როგორც კი იქნება გადაწყვეტილებები გაცნობებთ“,- აღნიშნავს ჩიქოვანი.
ამასთან, მან ის ფაქტიც შეაფასა, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს და პრეზიდენტს მომავალი კვირისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს. როგორც ჩიქოვანი განმარტავს, ოპოზიცია ცდილობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
„როგორც უკვე აღვნიშნე, ამ გადაწყვეტილებას დესტრუქციული და რევანშისტული ოპოზიციური ძალები იმისთვის იყენებენ, რომ კიდევ უფრო გააღრმაონ პოლარიზაცია. ეს ყველაფერი მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, ეს არის იმის საფუძველი, რომ როდესაც ასეთი გადაწყვეტილებები არსებობს, კონკრეტული დასაბუთებები იყო“,- აღნიშნავს ჩიქოვანი.