თუ მოსამართლეებს რამე აქვთ ჩადენილი, ოჯახის წევრები რა შუაშია? საქართველოს ხალხის ინტერესებზე გადაწყვეტილებას რატომ იღებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი?! - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, როცა აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტი კორუფციაზე საუბრობს, მათთვის კონკრეტული ფაქტებია საინტერესო.
„აშშ-ს სახელმწმიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებამ უფრო მეტი კითხვა დაბადა, ვიდრე რაიმე სინათლე შემოიტანა, თუ რა მიზნით მოხდა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირება. თუ მოსამართლეებს რაიმე აქვთ ჩადენილი, ოჯახის წევრები რა შუაშია? იმის ფონზე, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო, საქართველოს სასამართლოს სისტემა საფუძვლიანად არის შეცვლილი. ამ ცვლილებების გაზომვაც მოხდა მრავალჯერ. ყველა მონაცემი არსებობს, მათ შორის ღია წყაროებში, სტატისტიკაც თუ როგორი პროგრესი განიცადა სასამართლომ საქართველოში. რამდენიმე მაგალითს მოვიტან - სტრასბურგის სასამართლოში წაღებული ქეისების რაოდენობა 5-ჯერ არის შემცირებული წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით. ყველა გახმაურებულ საქმეზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ განიხილა, დაადგინა, რომ საქართველოს ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო კანონიერი და კანონზომიერი. ჩვენ თუ ვნახავთ სტატისტიკას, რამდენჯერ არის შემცირებული გამამტყუნებელი განაჩენები, წინასწარი პატიმრობა, ციფრები ხუთჯერადად, ათჯერადად არის შემცირებული. თუ ვნახავთ საერთაშორისო პროფესიულ კვლევებს სასამართლოსთან დაკავშირებით, ვნახავთ, რომ სასამართლოს ნდობის რეიტინგი მოსახლეობაში 50 პროცენტზე მაღალია. ამავდროულად, სასამართლოში მუდმივად მიმდინარეობს რამდენიმე ფაზით რეფორმები და ბოლო ფაზაა დარჩენილი, რომელიც საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტმა უნდა განიხილოს, ვენეციის დასკვნაც მიღებულია და ამას უნდა მოჰყოლოდა და უნდა მოჰყვეს შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებები. ამ ვითარებაში უცბად ხდება ამ გადაწყვეტილების გამოცხადება. არ არის მითითებული კონკრეტულად, ამ ადამიანებმა რა ზიანი მიაყენეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამერიკის შტატებს კი არ მიაყენეს, ან ვიღაცას, საქართველოს ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ ამ გადაწყვეტილებას, ერთი ლეგიტიმური კითხვა მაქვს, საქართველოს ხალხის ინტერესებზე გადაწყვეტილებას რატომ იღებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი? ლაპარაკია კორუფციულ საქმიანობაზე და ლეგიტიმური შეკითხვა გვაქვს პარტნიორებთან - გაგვაცანით ჩვენც და გავაცნოთ საზოგადოებას, რადგან საინტერესოა მართლა. უაპელაციოდ არცერთს ვამტკიცებ, არც მეორეს - საინტერესოა მართლა, რა კორუფციული ქეისებია. სანამ ეს იქნება მხოლოდ სიტყვის დონეზე დარჩენილი, ეს უფრო ბევრ შეკითხვას ბადებს და მეტ ბუნდოვანებას ამ გადადგმულ ნაბიჯში, რაც არანაირად არ არის მისასლმებელი ორ სახემწიფოს შორის ურთიერთობაში",- განაცხადა ქადაგიშვილმა.