ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირება გამოყენებული იქნება, არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, არამედ ყველა საქმეზე, სადაც პოლიტიკური დევნის ნიშნები იკვეთება.
მისი თქმით, ადვოკატების მიერ ყველა მექანიზმი, რომელიც არსებობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე, გამოყენებული იქნება.
“ეს სანქციები არის ერთ-ერთი ნათელი ინდიკატორი იმისა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის ხარვეზიანი. ძალიან დიდი ხანია პროფესიონალი იურისტები ვსაუბრობთ, რომ ქართული მართლმსაჯულება ბოლო წლების განმავლობაში რეგრესირებს. სამწუხაროდ, ამ რეგრესმა ისეთი სახე მიიღო, რომ სხვა კონტინენტზეც კი მიაღწია. ვფიქრობ, რომ მხოლოდ კონკრეტული ინდივიდების მიმართ მიმართულ სანქციებად არ უნდა გავიგოთ, ეს სანქციები არის ძალიან მკაფიო სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისადმი, რათა მათ შეძლონ ძალიან რადიკალური და მკვეთრი რეფორმების განხორციელება, რადგან სასამართლო სისტემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს, როგორც სამართლიანი, ობიექტური და დამოუკიდებელი სტრუქტურა. მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება განგაშის სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის და განხორციელდება მკვეთრი რეფორმები. სამწუხაროდ, მოლოდინი მაქვს, რომ ისინი გააგრძელებენ კვლავ ლანძღვის და დასავლურ ღირებულებებთან დაპირისპირების პოლიტიკას.
ეს სანქციები ქართული სასამართლოს ხელისუფალთა მიმართ, ბუნებრივია არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც გამოყენებული იქნება, არა მხოლოდ სააკაშვილის საქმეზე, არამედ ყველა საქმეზე, სადაც პოლიტიკური დევნის ნიშნები იკვეთება. ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის საქმე არის ერთ-ერთი პოლიტიზირებული საქმე და ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეში სამართლებრივი კომპონენტი არის ძალიან მცირე და ძირითადი ნაწილი სწორედ პოლიტიკური ნაწილია, ამიტომ ცხადია ამ სანქციებს მნიშვნელობა ექნება. ყველა მექანიზმი, რომელიც არსებობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე გამოყენებული იქნება”, - განაცხადა თუთბერიძემ.